Spalletti, Mazzarri in odd but gripping handshake episode - Saudi Gazette
ლუჩანო სპალეტი და ვალტერ მაცარი

აურელიო დე ლაურენტისს ეტყობა ტოსკანელი მწვრთნელები უყვარს — ბევრი ეძება რუდი გარსიას შემცვლელი თუ ცოტა, საბოლოოდ ძველ უბის წიგნაკში ჩაიხედა და ვალტერ მაცარის მიაგნო. მაცარი ისევე როგორც ლუჩანო სპალეტი და მაურიციო სარი, ტოსკანადან არის. გუშინ ის „ნაპოლიში” დაბრუნდა.

იტალიურ პრესაში გამოჩნდა მოსაზრება, რომ „ნაპოლის” ძალიან ძლიერმა შემადგენლობამ გარსია პირველივე დღიდან ვერ მიიღო და არა უცხო ტაქტიკის არამედ ადამიანურ ურთიერთობაში არსებული პრობლემის გამო. ფრანგის ქცევა ძალიან განსხვავდებოდა იმისგან, რასაც „აძურის” ფეხბურთელები ბოლო ტოსკანელთან, სპალეტისთან მიეჩვივნენ.

მაგრამ, ნურავინ იფიქრებს, რომ მაცარის ხასიათის სირთულეები არ აქვს ან მისი დაბრუნება რომელიმე სერიალის ნოსტალგიური ეპიზოდია. ის ნეაპოლში დაბრუნდა კონკრეტული ამოცანით, აღადგინოს გუნდი, რომელიც ადრე სხვებს 20 ქულით  უსწრებდა, ახლა კი 10 ქულით ჩამორჩება.

მაცარი „ნაპოლიში” 1998-99 წლებში მეკარეების, 2009-13 წლებში კი მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, მაგრამ ნეაპოლიდან წასვლის შემდეგ სარისგან განსხვავებით თავისი ნიჭის დიდ გუნდებში გამოცდის შესაძლებლობა არ მისცემია. ერთი პირობა „ინტერში” მოსინჯა თავი, მაგრამ ცუდი შედეგები ჰქონდა. დასამშვიდებლად მხოლოდ ის თუ ივარგებს, რომ ფეხბურთელები კიდევ უფრო ცუდი ჰყავდა. მერე ტოსკანელმა პრემიერლიგაში, „უოტფორდში” მოსინჯა ძალა. იქ ურიგოდ არ უმუშავია, მაგრამ არც ციდან მოუწყვეტია ვარსკვლავები. თუმცა, ინგლისში ცოდნა გაიმდიდრა, გაიგო როგორ უნდა ინტენსიური ფეხბურთის თამაში. შემდეგ ის საშუალო დონის იტალიურ საკლუბო ფეხბურთს დაუბრუნა. თუმცა მაცარი ყოველთვის ამბობდა, რომ დიდი გამოწვევებსისკენ ილტვოდა და აი, დე ლაურენტისმა ეს შანსი მისცა.

  1. მის განკარგულებაში მოხვდნენ უმაღლესი დონის ფეხბურთელები
  2. მას ეძლევა შესაძლებლობა თავის იდეებს ხორცი შეასხას.

გარსია უფრო პრაქტიკოსი იყო, ვიდრე თეორეტიკოსი. მაცარი მუდამ ახალი თეორიების სწავლაშია. გარსიას თვითონ არ ახსოვდა ბოლოს როდის გაიარა თეორიული კურსი. გარდა ამისა, მას ერთ-ერთ ინტევიუში წამოცდა, რომ სპალეტისა და მისი „ნაპოლის” შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა, მაცარიმ კი თქვა, რომ ის სპალეტის გუნდის თამაშს სწავლობდა, მარტივ მდგენელბად შლიდა დიდი გულმოდგინებით.

მაცარის საყვარელი სქემაა 3-5-2 ან 3-4-2-1, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ის ყოველთვის არსებულ კონტიგენტზე დაყრდნობით მუშაობდა. „კალიარისა” და „ტორინოსთვის” მაგალითად ზემოთ ხსენებული განლაგებები ტრადიციულია. თავად მაცარი ინტერვიუებში ლაპარაკობს მაღალ ინტენსივობაზე, პრესინგზე, ფეხბურთელების ინდივიდუალურ ჩართვებზე და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ყველაფერი ლამაზი სიტყვებია, რომელთაც განსხეულება სჭირდება. ახლა 2023 წელია, რომელიც ფეხბურთის განვითარების თვალსაზრისით თითქოსდა ახლახან გავლილი 2013 წლისგან ძალიან განსხვავდება. თანამედროვე ფეხბურთელებმა სწორედ 2023 წლის ფეხბურთის თამაში იციან და როგორც calcionapoli 1926 წერს, იმედია ისინი არ მოისმენენ ისეთ რამეს, როგორიც არის: „კუთხურების დროს თუ ვიგებთ უკან სამი კაცი უნდა დარჩეს, ხოლო თუ ვაგებთ ორი”. მაცარის თანამედროვე ფეხბურთის თამაში მოუწევს.

რაც შეეხება ფეხბურთელებთან ურთიერთობას, ვერავინ გაიხსენებს იყო თუ არა ოდესმე რომელიმე გუნდი ამხედრებული მაცარის წინააღმდეგ. მან იცის, როგორ უნდა შეაყვაროს მოთამაშეებს თავი. და მაინც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შელებს თუ არა მაცარი ოსიმენს, კვარაცხელიას, დი ლორენცოსა და ლობოტკას ისეთი ტაქტიკური დავალებები მისცეს, როგორის მოსმენაც მათ სჭირდებათ.

„მე იღბლიანი კაცი ვარ, რადგან სხვადასხვანაირ გუნდებში მიმუშავია. „რეჯინაში” თავი უნდა გადაგვერჩინა, „სამპდორიაში” წინ მნიშვნელოვანი ნახტომი უნდა გაგვეკეთებინა. შემდეგ მყავდა „ნაპოლი”, „ინტერი”… და მე ყოველთვის ვერგებოდი სიტუაციას. ამის მიუხედავად ფილოსოფია არასდროს შემიცვლია. ჩემი ამოცანა ყოველთვის ფეხბურთელების ნიჭის გაღვივება და წარმოჩენა იყო”, — თქვა მაცარიმ რამდენიმე წლის წინ „ფრანს ფუტბოლისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ვალტერ მაცარი „ნაპოლიში” პირდაპირ საქმეში ჩაერთვება. მას არ ექნება წარდგენა. მისი პირველი პრეს-კონფერენცია იქნება საქმიანი, რომელიც მომდევნო თამაშის წინ გაიმართება. ის ახალ გუნდში მუშაობას დღესვე დაიწყებს, იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც ნაკრებებში არ არიან გამოძახებულნი.