SKY - De Laurentiis will meet Mazzarri today.  He will choose between him and Tudor
მაცარი რაღა შუაშია

იტალიური პრესა კატეგორიულად აცხადებს, რომ „ნაპოლის” ახალი მწვრთნელი იგორ ტუდორი იქნება და იმავდროულად ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარცოზე დაყრდნობით აქვეყნებს ცნობას, რომ დღეს კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ვალტერ მაცარისაც შეხვდება. მაცარის „ნაპოლიში” 2009-13 წლებში უმუშავია. „აძურის” გარდა მას გაუწვრთნია „სამპდორია”, „ინტერი”, „ტორინო” და სხვა გუნდები.

ცოტა უცნაურია რატომ ხვდება დე ლაურენტისი მაცარის თუკი ტუდორთან უკვე შეთანხმდა, მაგრამ ფეხბურთში როგორც ჩანს მართლა ყველაფერი ხდება. „გაძეტა დელო სპორტი” კი ამასობაში დაბეჯითებით ლაპარაკობს ტუდორის ხელფასზე. მილანური გაზეთის ცნობით ის „ნაპოლიში” შვიდ თვეს გაატარებს და დაახლოებით 2 მილიონ ევროს გადაუხდიან. წარმატების შემთხვევაში ხელშეკრულება 2025 წლის ივნისამდე გახანგრძლივდება და ჯამაგირიც 3 მილიონამდე გაიზრდება.

„ნაპოლის” მეპატრონეს ტუდორთან გამალებული ვაჭრობა სწორედ კონტრაქტის ხანგრძლივობაზე დასჭირდა. ხორვატი 7 თვით მუშაობას არ თანხმდებოდა. ხანგრძლივ თანამშრომლობას ითხოვდა, თუმცა საბოლოოდ კლუბის შეთავაზებას დაყაბულდა.