Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli and Victor Osimhen of SSC Napoli speaks during the Serie A match between Torino FC and SSC Napoli at Stadio...ვეტერან ნიგერიელ ფეხბურთელს ჯონ ობი მიკელს სამშობლოში ძალიან პოპულარული პოდკასტი აქვს. მის გადაცემას „ნაპოლის” ცენტრალური თავდამსხმელი, გასული სეზონის სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი ვიქტორ ოსიმენი ესტუმრა და იხუმრა, ჯონი თავის ყოფილ გუნდში, „ჩელსიში” ტრანსფერს დამპირდაო. შემდეგ კი საუბარი სხვადასხვა საკითხებს შეეხო.

„გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ „ნაპოლიდან” წასვლა არც მიფიქრია. საუდის არაბეთიდან მიღებულ წინადადებაზე უარის თქმა ძნელი იყო. ყოველ ჯერზე, როდესაც არას ვეუბნებოდი, ისინი მაზანდას ზრდიდნენ. მართლა გასაოცარ თანხაზე იყო ლაპარაკი. რომ დავთანხმებულიყავი ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვლებოდა, მაგრამ საბოლოო პასუხი ასეთი იყო: არა ბიჭებო, იქ დავრჩები, სადაც ვარ”.

ეს გალდათ „ნაპოლისთვის” სიყვარულში გამოტყდომა ფეხბურთელისგან, რომელიც ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლაზე ოცნებობს.

„ინგლისში ფავორიტი გუნდი არ მყავს, მაგრამ ორი მათგანის მაისურა მაქვს: „ჩელსის” და „მანჩესტერ იუნაიტედის”. ჩემი ბევრი მეგობარი „ჩელსის” გულშემატკივრობს, ცოტა ნაკლები „იუნაიტედს”. პრემიერლიგა აფრიკელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრებაა”, — თქვა ოსიმენმა.

ოსიმენი და ნეაპოლი: „ქალაქის ცენტრში ვერ გავდივარ. მარადონას მურალთანაც კი ვერ მივდივარ. სამაგიეროდ, პიცერიაში ფულს არ მახდევინებენ და მადლობას მიხდიან იმისთვის, რასაც მათი ქალაქისთვის ვაკეთებ — სიგიჟეა!”

ლუჩანო სპალეტის შესახებ: „როდესაც სკუდეტოს მივუახლოვდით, მან ვრცელი, ემოციური მესიჯი გამოგვიგზავნა. ის ნეაპოლელი არ იყო, მაგრამ ამ ქალაქის, კლუბის და ადგილობრივი ტრადიციების შესახებ ყველაფერი იცოდა. ის გვიხატავდა, თუ რა იქნებოდა სკუდეტოს მოგება ამ ხალხისთვის. ეს იყო გარდატეხის წერტილი, რომლის შემდეგაც ყველა შეხვედრაში მთელს გულს ვდებდით და ეს აღტაცება სპალეტის სიტყვებით იყო განპირობებული. „იუვენტუსთან” შესვენების დროს მან ფეხზე წამოგვაყენა, თვალებში ჩაგვხედა და გვითხრა, რომ მას როგორც მწვრთნელს ათასზე მეტი თამაში აქვს გამოვლილი, მაგრამ ტიტული არასდროს მოუპოვებია. მან გვითხრა, რომ არ უნდა ხალხს დაამახსოვრდეს, როგორც მწვრთნელი, რომელსაც არასდროს არაფერი მოუგია და არც ჩვენ, ფეხბურთელები უნდა დავრჩეთ ხელმოცარულნი. სპალეტიმ აგვიხსნა, რომ გვაქვს შანსი შევცვალოთ ცხოვრება და ჩვენი სახელები ისტორიის წიგნში ჩავწეროთ. „მოიგეთ ეს შეხვედრა და როდესაც ნეაპოლის აეროპორტში დაბრუნდებით, მიხვდებით რასაც გეუბნებით” — გვითხრა მან”.

ოსიმენი და კვარა: „მოხდა ისე, რომ როდესაც ის იყიდეს, გუნდში ბოლო მივედი. ის უკვე ვარჯიშობდა. ორკარას თამაშობდნენ. დავდექი, შევხედე და ვიკითხე, ეს ბიჭი ვინ არის, მეთქი. ვარჯიშის შემდეგ ყველანი დავსხედით ერთმანეთი რომ გაგვეცნო, მე კი მისი ბურთის ფლობა უკვე ნანახი მქონდა და ვიცოდი, რომ გამოგვადგებოდა. ჩვენ მოედანზე ერთობლივი ვარჯიშის პირველი დღიდან სულ ვლაპარაკობთ. ერთმანეთს ვავსებთ როგორც მესი და სუარესი”.