საქართველოს ეროვნული ნაკრები 16 ნოემბერს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო საშინაო მატჩს თბილისში, შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

14 ნოემბერს, ვილი სანიოლის გუნდმა „მიხეილ მესხი 2“-ზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. შეგახსენებთ, რომ გაბრიელ სიგუამ ტრავმის გამო ნაკრების შეკრება დატოვა.

15 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ ივარჯიშებს, მანამდე კი ნაკრების მთავარი მწვრთნელის მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.

შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია ონლაინ-რეჟიმში, 16:00 საათზე ჩატარდება.

ვარჯიშის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრებმა, ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა მომავალ თამაშებზე კომენტარი გააკეთეს:

ბუდუ ზივზივაძე: „წლის ბოლო შეკრებაა და მნიშვნელოვანია, რომ წელი კარგად დავასრულოთ. ფეხბურთელები მზად არიან და ითავისებენ ამას. ბოლო შეხვედრაა მარტის შეკრებამდე და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა ყველაფერი კარგად იყოს. მარტამდე ჯერ დიდი დროა, თუმცა მნიშვნელოვანია შეკრების კარგი განწყობით დასრულება.

გულშემატკივრების გარეშე ფეხბურთი წარმოუდგენელია. ვთხოვ მაყურებელს, რომ მოვიდეს და მხარი დაგვიჭიროს. ჩვენ კი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შინ ყველა ბედნიერი დაბრუნდეს”

გიორგი ქოჩორაშვილი: „მოახლოებული თამაშები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და უფრო მეტად შევთამაშდეთ. ნაკრებში ჩატარებული თითოეული შეხვედრა მნიშვენლოვანია. ჯერ შოტლანდიასთან, შემდეგ კი ესპანეთთან უნდა ვაჩვენოთ ჩვენი მაქსიმუმი, რაც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ განვვითარდეთ, როგორც გუნდი”.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია („დინამო”, თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“ კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი („სპეცია“, ლა სპეცია, იტალია), ალექსანდრე კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ვალენსია, ესპანეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, ანთაქია, თურქეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ვოლფსბერგი, ავსტრია), ლევან შენგელია („პანეტოლიკოსი“, საბერძნეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი”, ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია).