Aurelio De Laurentiis Fabio Cannavaro and Paolo Cannavaro during the Serie A TIM match between SSC Napoli and Empoli FC at Stadio Diego Armando...„ლა რეპუბლიკა” წერს იმის შესახებ, თუ რა მოხდა „ნაპოლისა” და „ემპოლის” შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძელთა გასახდელში. ანგარიში ჯერ 0:0 იყო (საბოლოოდ „ემპოლიმ” მოიგო 1:0), მაგრამ რუდი გარსიას გუნდი ცუდად თამაშობდა. სტუმრებმა მეტი საგოლე მომენტი შექმნეს, რამაც „აძურის” მეპატრონე აურელიო დე ლაურენტისი აიძულა ძმები კანავაროები ლოჟაში დაეტოვებინა და გასახდელში ჩასულიყო.

„ლა რეპუბლიკას” ინფორმაციით პრეზიდენტს მოთმინების ფიალა აევსო. ბრაზმა იმედი და რაციონალიზმი გადაძალა. ჩვეულებრივ ყველაფრის მთვლელი კაცი გამწარდა. ის არ ელოდა გარსია ასეთ აბდაუბდა შემადგენლობას თუ ათამაშებდა. დე ლაურენტისი ოთახში შევარდა და გარსიას ისე მიმართა, როგორც მანამდე არასდროს უკადრებია.

როგორც გაზეთი წერს, თავის მხრივ გარსიამაც აიმაღლა ხმა. ის პრეზიდენტის ტონმა შეურაცხყო. ამ კონფლიქტმა ურთიერთობები გააცივა, მაგრამ ილუზიაც გააქრო. შემდეგ კი „ლა რეპუბლიკა” დაუბრუნდა სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის წასვლას, მას მერე რაც „ნაპოლი” იტალიის ჩემპიონი გახდა. ლაპარაკია ლუჩანო სპალეტიზე, სპორტულ დირექტორ კრისტიანო ჯიუნტოლსა და ფიზიკური მომზადების მწვრთნელ ფრანჩესკო სინატიზე.

მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული და იღბლიანი კაცია, დი ლაურენტისი ყველა ფუნქციას ვერ შეითავსებს. მას რეალური დამხმარე სჭირდება. ვინ იცის, მწვრთნელზე მეტად „ნაპოლისთვის კრიზისის დასაძლევად” კარგი დირექტორი იყოს საჭიროო, წერს „ლა რეპუბლიკა”.