საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბერში გასამართი მატჩებისთვის მზადება თბილისში დაიწყო.
13 ნოემბერს გუნდმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა. 14 ნოემბრიდან საწვრთნელ პროცესს გიორგი ლორია, გიორგი გოჩოლეიშვილი, ირაკლი აზაროვი, ლუკა ლოჩოშვილი, ივა გელაშვილი, ლევან შენგელია და გიორგი მიქაუტაძე შეუერთდებიან. სამწუხაროდ, ტრავმის გამო, შეკრებას გაბრიელ სიგუა გამოტოვებს.
გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): „ნაკრებში ჩამოსვლა ყოველთვის სასიამოვნოა. ჯერ სრული შემადგენლობით არ ვართ შეკრებილები, თუმცა 14 ნოემბრიდან ყველა ფეხბურთელი შემოგვიერთდება. მიუხედავად მოკლე დროისა, ვეცდებით მაქსიმალურად მოვემზადოთ ამ ორი რთული თამაშისთვის. განწყობისთვის გვჭირდება, რომ ძალიან კარგად ჩავატაროთ ეს მატჩები. რთული იქნება, თუმცა ვთვლი, რომ წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია. იმედი მაქვს, ეს შეკრება კარგად ჩაივლის“.
ოთარ კაკაბაძე (საქართველოს ნაკრების წევრი): „ბედნიერი ვარ ნაკრებში დაბრუნებით. ტრავმის გამო სამი თვე გამიცდა და ახლა ძალიან მოტივირებული ვარ. ორი თამაში გველის. რა თქმა უნდა, სატურნირო თვალსაზრისით, ეს ბევრს არაფერს შეცვლის, თუმცა მნიშვნელოვანი მატჩებია, რადგან ეს ბოლო შეკრებაა მარტის პლეი ოფამდე“.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩებს საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს, თბილისში (21:00), შოტლანდიის წინააღმდეგ და 19 ნოემბერს, ვალიადოლიდში (23:45), ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.