16 და 19 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს გამართავს შოტლანდიისა (შინ) და ესპანეთის (სტუმრად) ნაკრებებთან. ამ თამაშებისთვის მოსამზადებლელი შეკრება ნაკრებმა 13 ნოემბრიდან დაიწყო, მანამდე კი მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა:

„მარტის პლეი ოფამდე მხოლოდ ეს ორი ოფიციალური თამაში დაგვრჩა, რაც ფეხბურთელებისთვის კარგი შანსია, რომ კიდევ ერთხელ გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები. ყველამ ვიცით, რომ ეს შეხვედრები მთელი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იქამდე დიდი დრო დარჩა და ვნახოთ, რა იქნება.

წლეულს ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გამოვიძახეთ. სამწუხაროდ, გაგნიძე და საზონოვი თავიანთ კლუბებში თითქმის არ თამაშობენ. ამიტომ, ისინი ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს. იმედია, ეს ბიჭები ბევრს იშრომებენ, მომავალში მეტს ითამაშებენ და შანსი აუცილებლად ექნებათ. ეს ჩემთვის გამოძახების წინაპირობა იქნება.

კიტეიშვილს ისეთი ტრავა აქვს, რომ სიფრთხილეა საჭირო. დარწმუნებული ვარ, ავსტრიაში მაღალი დონის ექიმები არიან და ოთარ სწრაფ გამოჯანმრთელებასა და მოედანზე დაბრუნებაში დაეხმარებიან. ხოჭოლავაც ტრავმირებულია და ამჯერად მასზე მეტი ინფორმაცია არ მაქვს.

რაც შეეხება საბა ლობჟანიძეს, ის ჩვენს გეგმებში არის, მაგრამ ამჯერად საბას გამოძახებისგან თავი შევიკავეთ. მან გუშინ (12 ნოემბერს) მნიშვნელოვანი თამაში ჩაატარა „ატლანტა იუნაიტედში“ და შოტლანდიასთან მატჩამდე მოსამზადებლად ცოტა დრო ექნებოდა, ფიზიკურად გადაღლილი იქნებოდა.

წიტაიშვილის პოზიციაზე ნაკრებში დიდი კონკურენციაა. ბოლო პერიოდში ლევან შენგელიამ თავი გამოიჩინა და ამ ეტაპზე მისი გამოძახება გადავწყვიტეთ. გიორგიმ კი იცის, რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, რომ მოლოდინები გაამართლოს.

საყრდენ ზონაში ქოჩორაშვილმა, კიტეიშვილმა და ჩაკვეტაძემ დაბალანსებული თამაში გვიჩვენეს. ალთუნაშვილმა კი ამხანაგური მატჩებში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და რადგან კვლავ გამოვიძახეთ, ესე იგი მისი იმედი გვაქვს და შანსი ექნება“.