Kvaratskhelia: Garcia's sentenceცუდი რამ თუ მოსახდენია, ის აუცილებლად მოხდება. ვარსკვლავიც ვერ გიშველის. რუდი გარსიამ, როგორც მწვრთნელმა, სერია A-ს ბოლო შეხვედრებში შესცოდა, თუმცა ის რაც ფრანგს შეემთხვა საქვეყნოდ ცნობილი „მერფის კანონების” საჯარო წარმოდგენა უფრო იყო. მაშ ასე, თუ ცუდი რაღაც უნდა მოხდეს, ის აუცილებლად მოხდება და „რომას” ყოფილმა თავკაცმა ეს მთელი სიგრძითა და სიგანით შეიგრძნო — ნავსიანი პერიოდის უარყოფით ველში ბოლომდე ჩაყვინთა.

ეს იყო უკიდურესად მძიმე ფაქტორებისგან შემდგარი მომენტი, რომელიც ფრანგს მხრებით უნდა ეზიდა და რომელიც სავსე იყო იმ ბოროტებით, რომელსაც ვეზუვისქვეშეთში მას ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ასუნთქავდნენ. იმთავითვე იგრძნობოდა სკეპტიციზმი; ისმოდა დაყვედრების ტონი; სკუდეტოსთვის ბრძოლა ერთხელაც არავის უხსენებია. ამას კი მოჰყვა საშინელი ცვლილებები: ნატანი ძირითადში მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ ვიღაც დაშავდა; ლინდსტრომი დაიკარგა და მთელი გარემო ზურგით შეტრიალდა. ამ ყველაფრის კულმინაცია კი იყო 0:1 დამარცხება „ემპოლისთან”. თან ამ შეხვედრის ბედი მატჩის ყველაზე მტკივნეულ მომენტში, 90-ე წუთზე გადაწყდა. ის ჰგავდა ცივი შხაპისა და ცხელი ჰაერის მონაცვლეობას, რომელიც ყველა ტანჯვას წერტილს უსვამს.

Desparados — ეწერა პლაკატზე, რომელიც აურელიო ანდრეაცოლის გუნდის მხარდასაჭერად ნეაპოლში ჩასულ ასამდე ტოსკანელს ჰქონდა გაშლილი, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ იმ დღეს, იქ ერთადერთი სასოწარკვეთილი ადამიანი რუდი გარსია იყო. მწვრთნელი, რომელიც ხედავდა, ოსიმენის შემთხვევიდან დაწყებული როგორ იშლებოდა თვალსა და ხელს შუა მისი რწმენა. და თუ ყველაფერს კვარაცხელიას მიერ გამოტანილ განაჩენსაც დავამატებთ…

დიახ, განაჩენს, რადგან ქართველმა ფრანგ მწვრთნელს ნამდვილი განაჩენი გამოუტანა. ეს დაიწყო გენუაში, როდესაც მან ცნობილი ჟესტით ნეაპოლელები თავიანთი მწვრთნელისადმი უარყოფითად განაწყო. შემდეგ კი ამას მოჰყვა სამი შეცდომა, რომლებიც დარტსის ისრებივით გარსიას გულში ჩაესო.  სროლა 1. ფინტი, ტემპის შეცვლა, მოტრიალება, მარცხენა — მაიკ მენიო; სროლა 2. ფინტი, ტემპის შეცვლა, მოტრიალება, მარცხენა — ფრედერიკ რონო; სროლა 3. ფინტი, ტემპის შეცვლა, მოტრიალება, მარცხენა — ერტიტ ბერიშა. და რუდი გარსია გაგდებულია. განაჩენი აძურის გულშემატკივართა ერთსულოვანი გადაწყვეტილებისა და ხვიჩა კვარაცხელიას სამი შეცდომის საფუძველზე გამოტანილია.

მარიო რეკია spazionapoli