Jacopo Fazzini of Empoli FC challenges for the ball with nap77during the Serie A TIM match between SSC Napoli and Empoli FC at Stadio Diego Armando...„თუ გნებავთ მარადონას წყევლა დაარქვით, მაგრამ მოდი წმინდანებს თავი დავანებოთ. იმას რაც რეალურად მოხდა მორიგი, მეოთხე საშინაო მარცხი ჰქვია”, — დაწერა „ნაპოლისა” და „ემპოლის” შეხვედრის დამთავრებისთანავე „გაძეტა დელო სპორტმა” და დასძინა: „ასეთია რუდი გარსიას არეულ-დარეული გადაწყვეტილებების შედეგი”. პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა შესვენებისას ჩააკითხა გუნდს გასახდელში. ვერ უშველა. ახლა ის გადაწყვეტს დატოვებს ფრანგ მწვრთნელს თანამდებობაზე თუ გაუშვებს. თამაში დამთავრდა 1:0 სტუმრების სასარგებლოდ. გოლი 90+1 წუთზე შეცვლაზე შესულმა უკრაინელმა ვიქტორ კოვალენკომ გაიტანა.

როდესაც თამაშის წინ სტადიონზე შემადგენლობებს აცხადებდნენ, ტრიბუნებმა სტვენა დაიწყო. უცნაური იყო გარსიას მიერ არჩეული სქემა 4-2-3-1, მაგრამ უფრო უცნაური ორი გამორჩეული ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიასა და პიოტრ ჟელინსკის სათადარიგოთა სკამზე დატოვება გახლდათ. ასეთ განლაგებაში ცენტრფორვარდობას ჯოვანი სიმეონე წევდა, რომლის უკან მატეო პოლიტანოს, ჯაკომო რასპადორისა და ელიფ ელმასის ტრიო მოქმედებდა. სხვა სიტყვებით, წინა მატჩებში თავდასხმაში წარმატებული თამაშის მიუხედავად რასპადორი კვლავ იცვლიდა ამპლუას. და ასევე უცნაური იყო დაცვის ცენტრში ამირ რაჰმანისა და ლეო ოსტიგორის შეწყვილება. ისინი ხომ ორივენი „მემარჯვენენი” არიან, ორი ცაცია, ნატანი და ჟუან ჟესუსი კი ფრანგმა სკამზე დატოვა.

მეორე ტაიმში, 54-ე წუთზე გარსიამ ერთდროულად შეიყვანა კვარა და ჟელინსკი, მაგრამ… გაიყვანა მძიმე ფორვარდი სიმეონე, რომელიც თავსხმაში ახალშესულთა პასებს შესაძლოა კარგად გამოხმაურებოდა.

ამ შეხვედრაში ფანტასტიკურად ითამაშა ემპოლელთა მეკარემ ალბანელმა ეტრიტ ბერიშამ, რომელმაც სხვა ეპიზოდებს თავი რომ დავანებოთ ბოლოს კვარაცხელიას ნაღდი გოლი არ გაატანინა. ამის შემდეგ კი კოვალენკომ მატჩის ერთადერთი გოლი შეაგდო.

დე ლაურენტისმა „მარადონა” თამაშის დამთავრებამდე დატოვა.