„უნიონ ბერლინთან” ფრე (1:1) „ნაპოლის” ცუდ შედეგად ჩაეთვალა. გულშემატკივრები გუნდისგან მდგომარეობიდან ღირსეულ გამოსვლას ითხოვენ. ეს უპირველეს ყოვლისა კვირას „ემპოლისთან” დამაჯერებელ გამარჯვებას ნიშნავს. გუნდის ფრანგ მწვრთნელს რუდი გარსიას თავს დამოკლეს მახვილი ჰკიდია. მას თანამდებობის შესანარჩუნებლად „შოკური თერაპიის” მოწყობა სჭირდება. როგორც რომაული გაზეთი „კორიერე დელო სპორტი” წერს „აძურის თავკაცმა” მოიწვია მისივე შექმნილი „ბრძენთა საბჭო” თუ „ბრძენთა შვიდეული” და არსებულ მდგომარეობაზე ელაპარაკა ილაპარაკა.

გაზეთი წერს, რომ ხსენებული თათბირი გაიმართა „კასტელ ვოლტურნოში” რომელსაც დაესწრნენ ალექს მერეტი, ჯოვანი დი ლორენცო, ამირ რაჰმანი, ჟუან ჟესუსი, მარიო რუი, ანდრე-ფრენკ ზამბო ანგისა და პიოტრ ჟიელინსკი. შეხვედრაზე დაისვა შეკითხვა, თუ რა სჭირს გუნდს. გამოჟონა ხმამ, რომ შეკრებილთა საერთო აზრით ფეხბურთელებს მოწადინებას და თავდადებას ვერავინ დაუწუნებს, აი, ტექნიკურ-ტაქტიკური საკითხები კი აშკარად დამუშავებას საჭიროებს.

გარდა ამისა „კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ „ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მეორე დღეს შედარებით დამშვიდებული შეხვდა გარსიას და მის ასისტენტებს. მეპატრონემ მათ „უნიონ ბერლინთან” ხელმოცარვის მიზეზები დეტალურად გამოჰკითხა. მას განსაკუთრებით აინტერესებდა, თუ რატომ დაიღალა გუნდი შეხვედრის ბოლო წუთებში და რატომ დაიგვიანა გარსიამ შეცვლები.