ნეაპოლში დაძაბულობაა. იტალიური პრესის ცნობით, „უნიონ ბერლინის” ულტრასებმა ქალაქში არეულობა მოაწყვეს. „ნაპოლის” ქომაგებსა და გერმანელ გულშემატკივარს შორის როგორც ჩანს საბოლოოდ მტრობა ჩამოყალიბდა. ერთი წლის წინ კამპანიის დედაქალაქი ფრანკფურტის „აინტრახტის” ფანებმა „დაბომბეს”, გუშინ კი ესტაფეტა ბერლინელებმა გადაიბარეს. საინტერესოა, რომ შარშან ფრანკფურტელი ვანდალების ორგანიზებულ ჯგუფებს ბერგამოს „ატალანტას” ულტრასები ახლდნენ და ეხმარებოდნენ.

გუშინდელ ინციდენტში ბერლინელებისა და ადგილობრივების შეტაკებას წინ პოლიცია აღუდგა. მართალია, ქალაქის კომერციულ ობიექტებს დიდი ზარალი მიადგა, მაგრამ მოქალაქეები არ დასახიჩრებულან.

გვიან საღამოს, ბერლინელი ულტრასების დიდი ჯგუფები ნეაპოლის ცენტრს შეესიენ. მათ შორის გამოირჩეოდნენ ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდები, რომელთაც პოლიციაზე მიიტანეს იერიში. პოლიცია გერმანელებს მთელი საღამო თან დასდევდა, რათა მათი და ნეაპოლელების მასობრივი ჩხუბი აერიდებინა თავიდან. როდესაც ბერლინელებმა შეამჩნიეს, რომ სამართალდამცველთა ალყაში ექცეოდნენ, პატარა ჯგუფებად დაიშალნენ და ახლომახლო ქუჩებზე გაფანტულებმა მაშხალებისა და ბოლის გამშვები ყუმბარების გამოყენებით იერიში წამოიწყეს. დაზიანდა მაღაზიები. დაშავდნენ პოლიციელები.

მომხდარმა გამოიწვია ახალი საშიშროება: შესაძლოა ნეაპოლელ ხულიგანთა დაჯგუფებებმა შურისძიება სცადონ. ასეთი რამ შარშან „აინტრახტის” სტუმრობის დროს უკვე მოხდა. ქალაქის ისტორიული ცენტრი ხიფათის წინაშეა. კონფლიქტმა დღეს საღამოს შესაძლოა ფურიგროტას უბანში გადაინაცვლოს, სადაც მარადონას სახელობის სტადიონი მდებარეობს.