ამირ რაჰმანისთვის სანაკრებო კვირა ადრე დაიწყება. „ნაპოლის” ცენტრალური მცველი ოთხშაბათს „უნიონ ბერლინის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩში მოედანზე იქნება, მაგრამ ამ შეხვედრის დამთავრებისთანავე დატოვებს კლუბს. შესაბამისად, რაჰმანი ვერ მიიღებს მონაწილეობას კვირას, „ემპოლისთან” დაპირისპირებაში, რომელიც „მარადონაზე” საქართველოს დროით 15 საათსა და 30 წუთზე გაიმართება.
მიზეზი: უეფამ სწორედ კვირისთვის გადადო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა კოსოვოსა და ისრაელის ნაკრებებს შორის, რომელიც კალენდრის მიხედვით 15 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ გაზას სექტორში გაღვივებული ისრაელ-ჰამაზის კონფლიქტის გამო გადაიდო.
ევრო 2024-ის I ჯგუფს, რომელშიც კოსოვო და ისრაელი გამოდიან, 16 ქულით რუმინეთის ნაკრები ლიდერობს. მეორეზეა 15 ქულიანი შვეიცარია, რომელსაც ასევე არ უთამაშია ისრაელთან. შემდეგ მოდის ორმატჩნაკლული ისრაელი 11 ქულით, რომელსაც მოსდევენ 7 ქულიანი კოსოვო, 6 ქულიანი ბელარუსი და 2 ქულიანი ანდორა.