AS: „გიორგი მამარდაშვილმა კვლავ კარგად ითამაშა, კარი მშრალად შეინახა. მეორე ტაიმში პირისპირ შესულ ალბანელ მიტრო უზუნის არ გაატანინა, თუმცა მერე გაირკვა, რომ თამაშგარე მდგომარეობა ყოფილა”.

ქართველი მეკარის თამაშზე მეტს ვერაფერს იტყვი. ქვემოთ შეგიძლიათ ეს და შეხვედრის სხვა მომენტები ნახოთ. მისმა „ვალენსიამ” გვარიანად მოსაწყენ მატჩში „გრანადას” შინ 1:0 მოუგო და თუ ამ საღამოს რამე გასარჩევი მოხდა, ეს პენლტია. „ღამურებმა” პეპელუს მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანით გაიმარჯვეს, მაგრამ იყო თუ არა პენალტი დასანიშნი, ამაზე ესპანეთში დავობენ.

Marca: უგო დურო მაღალი ბურთისთვის იბრძოდა და როდესაც სახეზე რაულ ტორენტის ხელი იგრძნო, წაიქცა. ეს არ იყო გარტყმა, ეს გახლდათ უნებლიე შეხება, რომლის ძალისა და ეპიზოდზე გავლენის მიხვედრა შეუძლებელია. იმავე დღეს, „სელტას” თავკაცმა რაფა ბენიტესმა თქვა, რომ ასეთი შეხების ნიუტონებში გაზომვა გამორიცხულია. შეიძლება „სელტას” მწვრთნელი ფიზიკოსი არ არის კონკრეტული კონტაქტების ძალა რომ გაზომოს, მაგრამ ეპიზოდის ინტერპრეტაციისთვის არსებობენ მსაჯები. გარსია ვერდურამ ეპიზოდი თვალნათლივ დაინახა, VAR-მა კი გადაწყვეტილება არ შეუსწორა და პეპელუსაც ისღა დარჩენოდა, რომ პენალტი გაეტანა”.

მატჩის შემდეგ „გრანადას” მწვრთნელი პაკო ლოპესი გაბრაზებული იყო: „თერთმეტმეტრიანი დარტყმა უგო დუროს მიერ მოწყობილი სპექტაკლის გამო დანიშნეს, ხოლო როდესაც პაულისტამ ჩვენი ფეხბურთელის წინაშე ორივე ფეხით იუხეშა, ის მოედნიდან არ გააგდეს. პენალტის მომენტი VAR-ს უნდა შეემოწმებინა. ვერ გავიგე, მის წინაშე ვალში ხომ არ ვიყავით”.

კვირის გამარჯვების შემდეგ, „ვალენსია” 12 ტურის შემდეგ 18 ქულით მე-8 ადგილზეა.