სალერნოში, „სალერნიტანასა” და „ნაპოლის” შეხვედრაში, რომელიც სტუმართა გამარჯვებით 2:0 დამთავრდა, ანგარიში მე-13 წუთზე ჯაკომო რასპადორიმ გახსნა. მასპინძლებმა ეს გოლი გააპროტესტეს. იმის შესახებ, რომ გოლს რამდენიმე მოქმედებით თამაშგარე მდგომარეობა უსწრებდა არბიტრს დაუყოვნებლივ უთხრეს მასპინძელი გუნდის ფეხბურთელებმა; ამის შესახებ პრეს-კონფერენციაზე ილაპარაკა მათმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ და ადგილობრივ მედიაში ამ ეპიზოდს მიეძღვნა სტატიები, რომელთაგან ერთ-ერთი გადმოვაქართულეთ კიდეც. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ხსენებულ წერილში (რომელზე გადასვლა ლინკზე დაწკაპუნებით შეგიძლიათ და სადაც არის ეპიზოდის ვიდეოჩანაწერი) ავტორმა დაუშვა ფაქტობრივი შეცდომა. ის წერს, რომ ოფსაიდში იყო ჯოვანი დი ლორენცო, რომელსაც ბურთი მატეო პოლიტანომ მიაწოდა, მაშინ როდესაც საეჭვო მდგომარეობაში იყო მატიას ოლივერა, ხოლო პასი მას დი ლორენცომ მიაწოდა.

calciomercato ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ „სალერნიტანას” პროტესტი მართებული არ არის, რადგან თუნდაც დი ლორენცოს პასის დროს ოლივერა თამაშგარე მდგომარეობაში ყოფილიყო, მას მერე მასპინძლებმა ბურთი მოიპოვეს, დაიწყო თამაშის ახალი განვითარება, რითაც წინა ეპიზოდი დასრულდა და ის, რომ „გრანატას” ფეხბურთელებმა კვლავ დაკარგეს ბურთი (რის შედეგადაც გოლი გაუშვეს) იმ, დასრულებულ ეპიზოდთან კავშირში აღარ არის. ამის გამო VAR-ს ჩარევის უფლებაც აღარ ჰქონდა.