„შავმა ლომმა“ მესამე სასუპერთასო კამპანია სოლიდური გამარჯვებით დაიწყო – ესპანური „იბერიანსი“ ბონუსით, 39:19 დაამარცხა.
პირველ ქართულ პროფესიულ სარაგბო ფრენჩაიზს კვლავაც ლევან მაისაშვილი ხელმძღვანელობს და ეს მიუხდავად იმისა, რომ მსოფლიო თასის მერე ქართველმა სპეციალისტმა როგორც ნაკრების, ისე „შავი ლომის“ დამრიგებლის პოსტი დატოვა. თუმცა, ვიდრე რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა ბორჯღალოსნებს ახალ მწვრთნელს მოუძებნის, გადაწყდა, რომ „შავ ლომს“ დროებით კვლავაც ლევანი უთავკაცებს.
ამასობაში გუნდში ტრავმირებულ მორაგბეთა მთელი წყებაა. ზოგიერთი მსოფლიო თასზე დაშავდა და ოპერაციაც კი გადაიტანა, რამდენიმეს ტრავმა მანამდეც აწუხებდა და კიდევ რამდენიმე მორაგბე უკვე საწვრთნელი პროცესის მსვლელობისას დაშავდა.
ასეთ პირობებში აუცილებელი გახდა ახალი სახეების მოწვევა. ამიტომაც იყო, რომ „რაგბი ევროპის“ სუპერთასის სასტარტო მატჩში ქართულ ფრენჩაიზში 23 მორაგბიდან 7 დებიუტანტი იყო. სასტარტო კვაჭმა ბექა მამრიკიშვილმა და 19 წლის ფულბქემა ლუკა ცირეკიძემ, დებიუტი მშვენიერი ლელოებით გაალამაზეს, სულ კი „შავმა ლომმა“ 6 ლელო გაიტანა და 3 გაუშვა, რამაც ქართულ გუნდს ბონუს-ქულა მოუტანა.
მამრიკიშვილისა და ცირეკიძის გარდა ლელოები საკუთარ ანგარიშზე აკა ტაბუცაძემ, სანდრო თოდუამ, დათო აბდუშელიშვილმა და ლუკა მატკავამ ჩაიწერეს, ხოლო ამ უკანასკნელმა 6-დან 3 ლელო გარდასახა და პლუს ამას ერთი საჯარიმო დარტყმაც გაიტანა და ჯამში 14 ქულას მოუყარა თავი.
მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობის კვალობაზე „შავმა ლომმა“ ერთობ დამაჯერებლად ითამაშა და „იბერიანს“ შანსი არ დაუტოვა, თუ არ ჩავთვლით დასკვნით წუთებს, როცა მერაბ შარიქაძისა და დემურ ეფრემიძის გასინბინების პირობებში ორკაცნაკლულმა ქართველებმა ესპანელებს ორი ლელო დაადებინეს. მოკლედ, „შავმა ლომმა“ 39:19 მოიგო და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.
მომდევნო მატჩს ქართული ფრენჩაიზი 11 ნოემბერს პორტუგალიაში ადგილობრივი „ლუზიტანუშის“ წინააღმდეგ გამართავს.