CR7 thought the whole things was a big joke, seeminglyკრიშტიანუ რონალდუს კრიტიკა ერგო. ინგლისური „სანი” წერს, რომ ეს გამოიწვია პორტუგალიელის მიერ ერთ-ერთი პოსტის კომენტარად დასმულმა ემოჯიმ. თავად პოსტი ლიონელ მესის მერვე „ოქროს ბურთს” ეხებოდა.

განვავრცოთ: მესიმ „ფრანს ფუტბოლის” ოქროს ბურთი კარიერაში მერვედ მოიგო, რონალდუ კი 20 წელიწადში პირველად ნომინანტთა შორისაც ვერ მოხვდა. არადა, უკვე ბევრი წელიწადია, რაც მესისა და რონალდუს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობაზე აქვთ პრეტენზია და რაკი ეს დიდწილად „ოქროს ბურთების” რაოდენობით ფასდება, გამოდის, რომ მესიმ რონალდუს აჯობა: მან რვაჯერ მოიგო ტიტული, რონალდუმ კი ხუთჯერ. თუმცა, ესპანელმა მიმომხილველმა ტომას რონკერომ „ფრანს ფუტბოლის” მიერ ორშაბათს მოწყობილი გალა-ცერემონიალის შემდეგ ასეთი რამ დაპოსტა:

„გამარჯობა მეგობრებო. „ოქროს ბურთის” გადაცემას კვლავ მესისთვის რომ აპირებდნენ, იმთავითვე იყო ცნობილი. ის ფეხბურთისთვის თავის დასანებებლად მაიამიში გადავიდა, არადა ჯერ კიდევ „პარი სენ ჟერმენში” ყოფნის დროს, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების პერიოდში ჰგავდა ფეხბურთიდან წასულს. მან მუნდიალზე გაიმარჯვა. ძალიან კარგი, მაგრამ ეს ექვსი პენალტით გააკეთა. და კიდევ, მუნდიალი ათი თვის წინ იყო. ხალხო, ახლა შემდეგი წლის ნოემბერია.

მესის „ოქროს ბურთი” რვაჯერ აქვს მოგებული, თუმცა ხუთჯერ უნდა ჰქონდეს. მას მისცეს „ოქროს ბურთები”, რომლებიც ანდრეს ინიესტას/ჩავის, ერთ სეზონში ექვსი ტროფის მომგებ რობერტ ლევანდოვსკისა და საუკეთესო ბომბარდირ ერლინგ ჰოლანდს ეკუთვნოდა”.

და აი, ამ პოსტის კომენტარად რონალდუმ სიცილის რამდენიმე ემოჯი დასვა. მართალია, მთლად ცხადი არ არის, თუ რას ნიშნავს ეს სიცილი, მაგრამ ბევრმა გულშემატკივარმა მიიჩნია, რომ „ალ-ნასრის” თავდამსხმელს „ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვაში მესის მორიგი გამარჯვება არ ესიამოვნა და თავისი სიცილით სწორედ ეს გამოხატა. შესაბამისად, მათ სოციალურ ქსელებში რონალდუ გააკრიტიკეს.