პარიზის თეატრ „შატლში“, „ფრანს ფუტბოლის“ ჯილდოს, „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. გამოვლინდნენ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციაში.

კაცებში 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დასახელდა – მან არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მესისთვის ეს კარიერაში მერვე „ოქროს ბურთია“.

გამოკითხვაში მეორე ადგილი ერლინგ ჰალანდმა („მანჩესტერ სიტი“) დაიკავა, მესამე – კილიან მბაპემ („პარი სენ-ჟერმენი“), მეოთხე კი კევინ დე ბრუინმა („მანჩესტერ სიტი“).

გასულ სეზონში არგენტინელმა პსჟ-ის შემადგენლობაში 32 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ჩემპიონთა ლიგაზე შვიდ მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე პასი მოაგროვა.

მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, სადაც შვიდი მატჩი სრულად ითამაშა, შვიდი გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვაში საქართველოდან, ტრადიციულად, გაზეთ „სარბიელის“ გამომცემელი ზურაბ ფოცხვერია მონაწილეობს, მის მიერ დასახელებული საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეული ასეთია:

  1. ლიონელ მესი. 2. კილიან მბაპე. 3. ხვიჩა კვარაცხელია. 4. ილქაი გიუნდოგანი. 5. როდრი.

ქალთა შორის საუკეთესო ფეხბურთელი და „ოქროს ბურთის“ მფლობელი „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა აიტანა ბონმატი გახდა.

25 წლის ფეხბურთელმა 2023 წელს ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, იგი ორივე ტურნირზე საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

2023 წლის საუკეთესო მეკარედ „ასტონ ვილასა“ და არგენტინის ნაკრების კარის დარაჯს ემილიანო მარტინესი დასახელდა. „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონიაზე მას ლევ იაშინის სახელობის პრიზი გადაეცა.

ნომინანტები იყვნენ: ანდრე ონანა („მანჩესტერ იუნაიტედი“), იასინ ბუნუ („სევილია“), ედერსონი („მანჩესტერ სიტი“), მაიკ მენიანი („მილანი“), ბრის სამბა („ლანსი“), დომინიკ ლივაკოვიჩი („ფენერბახჩე“), ტიბო კურტუა („რეალი“), მარკ-ანდრე ტერ-შტეგენი („ბარსელონა“) და აარონ რემსდეილი („არსენალი“).

საუკეთესო მეკარის ნომინაციაში ზურაბ ფოცხვერიას სამეული ასეთია:

  1. მარკ-ანდრე ტერ-შტეგენი, 2. ტიბო კურტუა, 3. იასინ ბონო.

წლის საუკეთესო 21-წლამდელ ფეხბურთელისთვის განკუთვნილი რაიმონ კოპას სახელობის პრიზი „რეალისა“ და ინგლისის ნაკრების 20 წლის ნახევარმცველს, ჯუდ ბელინგემს გადაეცა.

„მანჩესტერ სიტისა“ და ნორვეგიის ნაკრების ფორვარდმა, ერლინგ ჰალანდმა წლის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი მიიღო, რომელიც გერდ მიულერის სახელს ატარებს.

2022-23 წლების სეზონში ნორვეგიელმა თავდამსხმელმა პრემიერლიგაში 36 გოლი გაიტანა, საერთო ჯამში კი ჰალანდს სეზონში 56 გოლი დაუგროვდა.

მისი გუნდი, „მანჩესტერ სიტი“ კი წლის საუკეთესო გუნდად დასახელდა.

2022-23 წლების სეზონი ისტორიული გამოდგა „ქალაქელებისთვის“ – გვარდიოლას გუნდმა მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, ინგლისის თასი და ჩემპიონთა ლიგა.

საუკეთესო ქალთა გუნდი „ბარსელონა“ გახდა, რომელმაც ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა მოიგო, ესპანეთის ჩემპიონატში „ბარსამ“ 85 ქულა დააგროვა (30 მატჩიდან 28 მოიგო და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა) და 118 გოლი გაიტანა.

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიაზე ვინისიუს ჟუნიორი სოკრატესის პრემიის მფლობელი გახდა. ეს ჯილდო მეორედ გათამაშდა. 2022 წელს მისი ლაურეატი სენეგალელი სადიო მანე იყო.

23 წლის ვინისიუსმა სოკრატესის პრემია თავისი პროექტის – Vini Jr Institute-ის აპლიკაციის წყალობით მოიგო, რომელიც განკუთვნილია ღარიბი სტუდენტებისთვის. ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ წამოწყებაში ჩადებული ინვესტიციები 4 მილიონ ევროს აღწევს.

პარიზში დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან ერთად ესწრებოდა. ხვიჩა „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა საერთო რეიტნგში მე-17 ადგილზე გავიდა.