Olivier Giroud of AC Milan celebrates after scoring the goal during the Serie A TIM match between SSC Napoli and AC Milan at Stadio Diego Armando...„ნაპოლისა” და „მილანის” შეხვედრის (2:2) ერთ-ერთი მთავარი გმირი სტუმრების 37 წლის ფრანგი თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ გახლდათ. „როსონერის” ორივე გოლი მან გაიტანა, მაგრამ 81-ე წუთზე ის შეცვალეს და განაწყენებული შეხვედრის ბოლომდე ცალკე იჯდა.

„შედეგის გამო იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ, — უთხრა მოგვინებით ჟირუმ Milan TV-ს, — გამარჯვება ჩვენს ხელთ იყო. პირველ ტაიმში ოთხი გოლის გატანა შეგვეძლო. თან შესვენებისას ვთქვით, რომ მეორე ტაიმს მობილიზებულები უნდა შევხვედროდით, რადგან „ნაპოლი” უეჭველად სხვა ფეხბურთს ითამაშებდა. საბოლოოდ აი, რა მივიღეთ… ძალიან გაწბილებულები ვართ”.

რა შეიცვალა „ნაპოლის” პირველი გოლის შემდეგ?

„პირველი გოლის შემდეგ მათ საკუთარი თავის ირწმუნეს, ჩვენ კი აღარ ვიცოდით შეტევა უნდა გაგვეგრძელებინა თუ თავი დაგვეცვა”.

ამის მერე?

„ჩვენ ჩემპიონობას ვაპირებთ და გვინდოდა შესაბამისად გვეთამაშა. კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს. დღეს სამი ქულა უნდა მოგვეპოვებინა. საგოლე მომენტები შევქმენით და გავიტანეთ კიდეც, მაგრამ საკუთარი თავისთვის კიდევ უფრო მეტი უნდა მოგვეთხოვა. აუცილებლად უნდა მოგვეგო. გაწბილებული ვარ”.

შემდეგ ჟირუმ DAZN-ის მიკროფონებთან გადაინაცვლა და თქვა: „დიდ იმედგაცრუებას განვიცდი, რადგან მატჩი კარგად დავიწყეთ და ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. პირველ ტაიმში შეგვეძლო და ვალდებულებიც ვიყავით ოთხი გოლი გაგვეტანა. ვიცოდით, რომ შესვენების შემდეგ „ნაპოლი” მოედანზე სხვა ენერგიით დაბრუნდებოდა. ველოდით, რომ მეორე ტაიმი რთული იქნებოდა. საკუთარ თავს ვაფრთხილებდით, რომ შეცდომები არ უნდა დაგვეშვა, ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ ორგოლიანი უპირატესობა ხელიდან გავუშვით. გაბრაზებული ვარ, რადგან ორი ქულა დავკარგეთ”.

რეაქცია შეცვლაზე.

„ნორმალური რეაქცია მქონდა. კაცი ვარ, რობოტი ხომ არა. მეგონა, რომ კიდევ შევძლებდი დავხმარებოდი გუნდს და რომ შემცვალეს, ემოცია მომეძალა. სამწუხაროდ პიოლიმ ასე გადაწყვიტა, მაგრამ მე მწვრთნელს პატივს ვცემ. ხუთ წუთში უფრო დავმშვიდდი. მოედნიდან გასვლა არ მინდოდა, რადგან თამაშში ჩართული ვიყავი. იმედი გამიცრუვდა. ასეთი ბუნება მაქვს, აზარტული ვარ. ყოველთვის მეტი მინდა. ჩვენ რობოტები არ ვართ, ადამიანები ვართ”.

გოლების შესახებ.

„თავდამსხმელისთვის გოლების გატანა მნიშვნელოვანია. დღეს თანაგუნდელებმა ორჯერ ჩამაწოდეს მაღალი ბურთი და მეც ვცადე სწორ ადგილას დავხვედროდი. გოლებმა გამახარა, რადგან დიდი ხანი არ გამეტანა. ამიერიდან მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებაზე უნდა ვიმუშაოთ, რადგან აგერ, „ინტერმა” გაიმარჯვა და იმედი მაქვს, რომ დღეს დაკარგული ორი ქულა ბოლოში მწარედ სანანებელი არ გაგვიხდება. საბედნიეროდ წინ კიდევ ბევრი შეხვედრაა. ყურებს არ ჩამოვყრით. ორი მარცხის შემდეგ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მომავალში უნდა ვცადოთ შეცდომები შევამციროთ”.

იანვარში „მილანს” ვიცე-ჟირუს შეძენა ხომ არ დასჭირდება?

„ვინ თქვა ეს? ჩვენ უკვე გვყავს ვიცე-ჟირუ, ხოლო ხუთი-ექვსი თავდამსხმელი არაფერში გვჭირდება. ჩვენი გუნდი ძლიერია. დღეს კვლავ ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. მაყურებლისთვის კარგი, შემტევი, სახალისო ფეხბურთი ვითამაშეთ. საკუთარი შესაძლებლობების ამბავი კარგად მოგვეხსენება. ასე უნდა გავაგრძელოთ. უბრალოდ, მეტი პრაქტიკულობა გვმართებს. გოლები უნდა გავიტანოთ”.

RAI-თვის მიცემულ ინტერვიუში კი თავდამსხმელმა ასე თქვა: „ჩემსა და მწვრთნელს შორის პრობლემა არ არსებობს. საუცხოო ურთიერთობა გვაქვს, გუნდიც შესანიშნავია და მომავალშიც ასეც გაგრძელდება, უბრალოდ გავწბილდით, რადგან ვერ მოვიგეთ”.