Rafael Leao of AC Milan reacts after being substituted as Stefano Pioli, Head Coach of AC Milan, looks on during the Serie A TIM match between SSC...„ნაპოლისა” და „მილანის” შეხვედრა ემოციური გამოდგა. „მილანმა” ოლივიე ჟირუს გოლებით პირველი ტაიმი 2:0 მოიგო, მაგრამ შესვენების შემდეგ მატეო პოლიტანომ და ჯაკომო რასპადორიმ „პარტენოპეელებს” ქულა გადაურჩინეს. ორივე კართან იყო საგოლე მომენტები. შეხვედრის მიწურულს მსაჯმა მასპინძლებს ნატანი გაუძევა, შეხვედრა კი ხვიჩა კვარაცხელიას სახიფათო გარღვევით დასრულდა, მაგრამ დარტყმა მაიკ მენიომ მოიგერია.

მატჩის შემდეგ, „როსონერის” მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ თქვა: „ეს შეხვედრაც რომ წაგვეგო, უიღბლობაზე ვილაპარაკებდით. „ნაპოლის” პირველი გოლი ჩვენი შეცდომის ბრალი იყო. ამით მეტოქეს შანსი დავუბრუნეთ. დღეს იმდენი მომენტი შევქმენით, რომ ორი გოლი ძალიან მეცოტავება. აქედან ერთი ქულით წასვლა სამწუხაროა. როდესაც 2:0 დაწინაურდები, შინ გამარჯვებით უნდა დაბრუნდე. ჩვენ კი მეტოქეს გოლი გავატანინეთ და ფრთები შევასხით. მაგრამ, მოდი ისიც მკაფიოდ ვთქვათ,რომ ფეხბურთის თამაში არ შეგვიწყვეტია. პირველ ტაიმში დიდ უპირატესობას  ვფლობდით, მეორეში ნაკლებს, მაგრამ პასიურები წამითაც არ გავმხდარვართ”.

ლეაოსა და ჟირუს შეცვლის შესახებ.

„ახალი ენერგია გვჭირდებოდა. ზედიზედ სამი რთული მატჩის ჩატარება და ბევრი სირბილი მოგვიწია. ამიტომ შევიყვანე მოედანზე ორი დასვენებული ფეხბურთელი, რომელთაც ასევე კარგად ითამაშეს. ლეომ მისი შეცვლის ახსნა მოითხოვა და სწორადაც მოიქცა. მე მას აუცილებლად ვეტყვი, თუ რატომ შევცვალე”.

მიზანი.

„იმედი მაქვს, რომ ის რაც დღეს მოხდა, დროებითია. ხანდახან პირიქით, ცუდად არტყამ, მაგრამ გოლი გადის. მთავარია აქტიური, შემტევი ფეხბურთის თამაში არ შევწყვიტოთ. საკუთარი თავის რწმენა არ უნდა დავკარგოთ, მუშაობა უნდა განვაგრძოთ და ოსტატობა ავიმაღლოთ. ჩვენი მიზანია ვიყოთ კონკურენტუნარიანი გუნდი, რომელიც იმარჯვებს. ძალიან მაღალი დონის მეტოქეები გვყავს.

მწვრთნელის ბედი ყოველთვის კლუბის ხელშია. დიახ, ჩემპიონობა გვინდა. ოთხი წლის წინ მიზნად მეოთხე ადგილზე გასვლა გვქონდა დასახული. ახლა წარმატებისთვის ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ”.

სკუდეტო.

იტალიის ჩემპიონობა ძალიან დიდი ტიტულია. „ინტერი”, „იუვენტუსი” და „ნაპოლი” ძლიერი გუნდები არიან, მაგრამ ჩვენც მათი დონისა ვართ. გამარჯვებისთვის მუხლჩაუხრელად უნდა ვიშრომოთ”.

ტრავმები?

„შედეგის გარდა ამ საღამოს ცუდი იყო ისიც, რომ პიერ კალულუ დაშავდა. ჯერ არ არის ცნობილი, რამდენად მძიმეა მისი ტრავმა. პულიშიჩი დაღლილი იყო და ამიტომ შევცვალე. პელეგრინიმ კოჭი იტკინა”.

მსაჯობა.

მსაჯ დანიელე ორასტოს რომ შევეკამათე? ეს ლობოტკას მიერ ლეაოს წაქცევის ეპიზოდში მოხდა, მაგრამ დავანებოთ თავი. რაც იყო, იყო. უბრალოდ, იმ ეპიზოდში კარგი შეტევა ჩაგვეშალა.