მსოფლიო თასის ბოლო ორ მატჩში ფულბექის პოზიციიდან ფლანგზე გადასროლილმა დავით ნინიაშვილმა გაცილებით პროდუქტიულად ითამაშა. ეტყობა, სწორედ უკანა ხაზის ფლანგზეა მისი ადგილი, რადგანაც გასულ კვირას განახლებულ ტოპ 14-ში დათუნამ 14 ნომრად დაიწყო თამაში, მაგრამ უფრო ხშირად საპირისპირო ფლანგზე ჩნდებოდა და საბოლოოდ მატჩი 2 შესანიშნავი ლელოს გატანის ფონზე დაასრულა.
მისმა „ლიონმა“ „კლერმონს“ უმასპინძლა და ბონუსით – 41:22 დაამარცხა. ეს ბონუს-ქულა სწორედ ნინიაშვილმა მოინადირა, რადგან მისი მეორე ლელო მე-4 იყო მისი გუნდითვის, ხოლო „ვულკანებს“ 1 ჰქონდათ და როცა ლელოთა ანგარიში +3-ს აღწევს, გამარჯვებულს პრემია ეკუთვნის. თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ქართველმა საკუთარი ნახევრიდან სპრინტერული აჩქარება განახორციელა, ბატისტ კუიუმ მას ბურთი გააყოლა და ქართველის დამწევი აღარავინ იყო. ეს მეორე ლელო, თორემ პირველი სრულიად განსხვავებული გამოდგა – მე-20 წუთზე, ლიონელთა შეტევის ღმერთმა უწყის მერამდენე ფაზისას ბურთი რაქში ჩაიდო, დათუნა მიეპარა და ფორვარდივით ნახტომში ხაზს იქით გადადო.
ეს იყო ნინიაშვილის დებიუტი ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში და ამ დუბლით მას საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 27 მატჩში უკვე 11 ლელო დაუგროვდა. გულდასაწყვეტია, რომ ტრავმა-ოპერაციის შემდეგ ქართველი ვარსკვლავი ოპტიმალურ ფორმაში ახლაღა შედის და არა მსოფლიო თასის მსვლელობისას.
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მე-4 ტურში ნაკრებიდან კლუბში დაბრუნებულმა კიდევ ერთმა ბორჯღალოსანმა ისახელა თავი. „მონპელიე“ შინ „რასინგ-92“-თან ბოლო წუთამდე 9:19 მარცხდებოდა და როცა უკვე დროც იყო გაწითლებული და მასპინძელთა იმედებიც იწურებოდა, კვაჭმა ვანო კარკაძემ ხანგრძლივი შტურმი ნინიაშვილივით, რაქიდან ატაცებული ბურთით ლელოში შეხტომით დაასრულა. გარდასახვისთვის იოლი პოზიცია იყო და საბოლოოდ „მონპელიემ“ ქულა გადაირჩინა – 16:19 დამარცხდა და მცირე სხვაობით მარცხისთვის ბონუსიც მიიღო.
ეს იყო ვანო კარკაძის მე-2 ლელო მიმდინარე სეზონში, ხოლო სულ მის ანგარიშზე ფრანგული ჩემპიონატების 36 თამაშში 4 ლელოა.
ამ ორის გარდა გასულ ტურში კიდევ 10-მა ჩვენებურმა ითამაშა – 4 მსოფლიო თასიდან დაბრუნდა ტოპ 14-ში, 6 კი ნაკრებს მიღმა მყოფი იყო.
ცხრილს 14 ქულით სამი კლუბი ლიდერობს – „პო“, ხსენებული „რასინგ-92“, რომელშიც გურამ გოგიჩაშვილმა ითამაშა, და „კასტრი“, ვის შემადგენლობაში ვეტერანმა ლევან ჩილაჩავამ იასპარეზა.
უპირობო აუტსაიდერი კი ჯერაც უქულო „პერპინიანია“ რომლის რიგებს კვირას მარქაფიდან გიორგი თეთრაშვილი შეუერთდა.