მასიმილიანო ალეგრის „იუვენტუსმა” მარკო ბარონის „ვერონას” უმასპინძლა და ანდრეა კამბიასოს მიერ 90+7 წუთზე გატანილი გოლით 1:0 მოუგო. გოლიდან ერთ წუთში მსაჯმა ერმანო ფელიჩიანიმ ალეგრის ქცევა ვეღარ აიტანა და „ბებერი ქალბატონის” თავკაცი მოედნიდან გააგდო. მანამდე კი მსაჯებმა მასპინძლებს ორი გოლი არ ჩაუთვალეს — პირველი მე-13 წუთზე მილიმეტრიანი თამაშგარე მდგომარეობის, ხოლო მეორე 53-ზე ჯარიმის გამო.
ამ გამარჯვების წყალობით „იუვემ” სავარაუდოდ დროებით პირველ ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა როგორ დალაგდება ცხრილი მეათე ტურის შემდეგ, ეს დღეს გამოჩნდება: „ინტერი” „რომას” მასპინძლობს, ხოლო „მილანი” სტუმრად ხვდება „ნაპოლის”.
მეორე არჩათვლილი გოლის შემდეგ ტურინელმა გულშემატკივარმა „ვერონას” მისამართით ასე დაიწყო სკანდირება: „ნეაპოლელები, თქვენ ხართ ნეაპოლელები!” შეძახილებს სტუმართა სექტორიდან პასუხი არ მოჰყოლია, თუმცა ეს სექტორი ფაქტობრივად ცარიელი იყო — ვენეტოს რეგიონის მაცხოვრებლებს ამ შეხვედრაზე დასწრება აკრძალული ჰქონდათ.
ნეაპოლურ პრესაში ამ ამბავს რეაქცია მოჰყვა. რა შუაში იყო „ნაპოლი”, ის ხომ არ თამაშობდა? იტალიური ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით ტერიტორიული, ჩვენებურად კი ალბათ უფრო კუთხური დისკრიმინაცია სერია A-ს მატჩებზე იშვიათი არ არის. კამპანიის დედაქალაქის საიტები წერენ, რომ ისინი ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტისგან რეაგირებას და „იუვენტუსის” დასჯას ელიან. ნეაპოლელების საწინააღმდეგო შეძახილები ისმოდა წინა ტურში ვერონაშიც, რის გამოც მასპინძლები 15 ათასი ევროთი დააჯარიმეს. უსიამოვნო ეპიზოდი იყო პრესის ლოჟაშიც, სადაც „აძურის” პრეს-სამსახურის წარმომადგენელს ლეპტოპზე წყალი გადაასხეს. 10 ათასი ევროთი დაისაჯა აგრეთვე „ნაპოლი”, რომლის ქომაგები ვერონელებს აყენებდნენ შეურაცხყოფას.