Cyle Larin of RCD Mallorca and Giorgi Mamardashvili of Valencia CF competes for the ball during the LaLiga EA Sports match between RCD Mallorca and...დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” ბილბაოს სტუმრობს. 35 წლის მეკარე იაგო ერერინი, რომელიც კვიპროსზე AEK-ში თამაშობს ბოლო ფეხბურთელია რომელიც ორივე გუნდში გამოდიოდა, თუმცა „ღამურათა” შორის მისი ყოფნა პირობითი გახლდათ — მოედანზე მხოლოდ 13 წუთი დაჰყო. ამის მიუხედავად დღევანდელი მატჩის წინ მისი მოსაზრება AS-მა საინტერესოდ მიიჩნია. გთავაზობთ ინტერვიუს იმ ნაწილს სადაც ერერინი მამარდაშვილზე ლაპარაკობს.

— „ლა ნუსიას” წინააღმდეგ თასზე 13 წუთი ითამაშეთ და სულ ეს იყო.

— მინდოდა რაც შეიძლება მეტი მეთამაშა, მაგრამ გიორგის დიდებული სეზონი ჰქონდა, მან გუნდი ბევრჯერ გადაარჩინა. მეორე მხრივ, ვფიქრობ იყო მომენტები, როდესაც მისთვის კონკურენციის გაწევა შეიძლებოდა. ვცდილობდი გიორგის ყველაფერში დავხმარებოდი. ხშირად ველაპარაკებოდი და ეს საუბრები კარგად მომაგონდება. სამწუხაროა, რომ „მესტალიაზე” ვერ ვითამაშე, მაგრამ „ვალენსიასთან” მაინც კარგი მოგონებები მაკავშირებს.

— უფრო მეტი გვითხარით მამარდაშვილის შესახებ.

— ვყოფილვარ კეპას, უნაი სიმონისა და მამარდაშვილის თანაგუნდელი. ვინმეს შეიძლება მეკარეების სკაუტი ვეგონო. ჩემთვის გიორგი ტოპ-მეკარეა. ის ჯერ ახალგაზრდაა და ბევრი რამის განვითარება სჭირდება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს თავად ძალიან კარგად იცის. თამაშები თამაშებად და ის მხეცივით ვარჯიშობს, მითითებას არასდროს უკადრისობს. სწავლა უყვარს. ხოლო როდესაც თვითონ იცი, რომ ოსტატობა დასახვეწი გაქვს, სწავლისთვის გახსნილი ხარ და „ოჩოტოს” (ხოსე მანუელ  ოჩოტორენას) დონის მწვრთნელი გყავს, აუცილებლად დიდი მეკარე დადგები. უფრო დიდი, ვიდრე დღეს ხარ.

— ხედავთ მას ევროპის რომელიმე წამყვან კლუბში?

— მე ვხედავ მეკარეს. თუ „ვალენსია” საქმეს სწორად წაიყვანს და დაბრუნდება იმ სიმაღლეებზე, სადაც მისი წარსულის მქონე კლუბი უნდა იყოს, მაშინ მას უკვე ჰყავს გოლკიპერი, რომელიც წლობით მოემსახურება. მე დიდ მეკარეებთან ერთად მიცხოვრია და გიორგის შესახებ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ უდიდესი პოტენციალის მქონე ბიჭია.

— როგორც ჩანს, დიდ მეკარეებს იზიდავთ.

— გულწრფელად ვფიქრობ, რომ ყველა მათგანის კარიერაში წვლილი მაქვს შეტანილი. როდესაც ღირსეულ კონკურენციას უწევ, ადამიანი იხვეწება. პირველ წლებში გამიმართლა, რომ გორკასთან (გორკა ირასიოს მორენო) ერთად მოვხვდი გუნდში და ჩვენ ჩემპიონთა ლიგაში გავედით. ევროტურნირებზე ვიყავი კეპასთან ერთადაც. სამწუხაროდ კეპას წასვლა ჩემს ტრავმას დაემთხვა, რის გამოც „ბილბაომ” კარში უნაი სიმონი ჩააყენა. იმხანად სიმონი იჯარით „ელჩეში” იყო გაშვებული. მეამაყება, რომ ისინი ჩემი თანაგუნდელები იყვნენ.

— კვირას „სან მამესზე” რანაირ თამაშს ელით?

— წლეულს ორივე გუნდი შარშანდელზე უკეთესია. გავლენას იქონიებს ის, რომ შეხვედრა „სან მამესზე” გაიმართება. ამასწინათ „ბილბაომ” „ბარსელონასთან” წააგო, მაგრამ ჩინებულად ითამაშა. „ვალენსიამ” კი „კადისს” მოუგო, რაც „სან მამესის” მინდორზე გასვლის წინ მნიშვნელოვანი გახლდათ. ღია, ინტენსიურ, ლამაზ თამაშს ველი, რადგან „ვალენსია” თავის გამოჩენას ცდილობს, „ბილბაო” კი ცხრილის სათავეში დამკვიდრებისთვის იბრძვის.