Napoli-Milan, Garcia-Pioli clashრუდი გარსიას „ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგაში, ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე” მეორე გამარჯვება იზეიმა — ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენალური საგოლე პასისა და ჯაკომო რასპადორის გოლის წყალობით შეხვედრა 1:0 დასრულდა. გერმანიაში მიღწეული გამარჯვებით „აძურის” ფლეი-ოფში გასვლის კარგი შესაძლებლობა გამოუჩნდა, მაგრამ მანამდე გარსიამ, რომლის კვალიფიკაციას იტალიაში ბოლოხანს ეჭვის თვალით შეხედეს, მორიგი მნიშვნელოვანი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი: მისი გუნდი კვირას სტეფანო პიოლის „მილანს” ხვდება.

თავის მხრივ, „როსონერიც” მოტივირებულია. მილანელებმა ჩემპიონთა ლიგაში „პარი სენ ჟერმენთან” წააგეს და ცხრილში ბოლო ადგილზე არიან. მათ ორი ქულა აქვთ ანუ ჯგუფში ჩარჩენა ემუქრებათ, მაგრამ გარსიასი არ იყოს, პიოლისაც სერია A-ში უწევს გამოცდის ჩაბარება. მისმა გუნდმა ბოლო ტურში „იუვენტუსთან” წააგო და ლიდერობა დაკარგა. ამრიგად, ეს მათი ზედიზედ მეორე მარცხია და „გადატვირთვისთვის” დიეგო არმანდო მარადონას სტადიონზე „ნაპოლისთან” მოგება მისწრება იქნებოდა.

„ნაპოლისა” და „მილანის” შეხვედრის წინ „გაძეტა დელო სპორტი” გარსიასა და პიოლის დაპირისპირების ისტორიას იხსენებს. კვირას, გარსია და პიოლი იტალიის ჩემპიონატში მეხუთედ შეხვდებიან ერთმანეთს. პირველად ისინი ერთმანეთის პირისპირ 2013 წლის 29 სექტემბერს დადგნენ, როდესაც ფრანგი „რომას” ედგა სათავეში, ხოლო მილანელთა დღევანდელი თავკაცი „ბოლონიას” წვრთნიდა. შემდეგ პიოლი „ლაციოში” გადავიდა და მეორე „ჯახი” უკვე რომაული დერბი გახლდათ. თუმცა, ორ სპეციალისტს შორის ნამდვილი ჯიბრი მომდევნო შეხვედრის დროს გაჩნდა. მესამე დაპირისპირებაც დერბი იყო, რომლის წინა დღეს, 2015 წლის 24 მაისს გარსია „ლაციოს” „თავს დაესხა”. მან თქვა: „დღეს ყველა ამბობს, რომ „ლაციო” ფავორიტია და იტალიაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს. ჩვენ უფრო დაბალი დონის გუნდი ვყოფილვართ”.

„ჯალოროსის” თავკაცის ეს ნათქვამი პიოლიმ პროვოკაციად აღიქვა და უპასუხა: „დამრჩა შთაბეჭდილება, რომ „რომამ” თორმეტი კაცით თუ არ ითამაშა, ისე შედეგს ვერ მიაღწევს. ეს აბსურდია”.

ამის შემდეგ გარსია მსაჯებს გადაწვდა: „მახსოვს, „ლაციომ” „ინტერთან” თამაშის მერე იმდენი იტირა, რომ ბოლოს ჩვენ თამაშგარედან გატანილი გოლით მოგვიგო”.

ასეთ ნათქვამს პიოლი ცხადია არ გაატარებდა: „უცხოელი მწვრთნელები იტალიაში ჩამოდიან და აქ ჩვენზე უარესები ხდებიან. გარსია არც ზრდილობიანია და არც პროფესიონალი”.

საინტერესოა, რომ მაშინ გარსია და პიოლი საპრესკონფერენციო დარბაზის შესასვლელში შეხვდნენ ერთმანეთს. კოლეგებმა უხეში სიტყვები გაცვალეს. ახლა მათ შორის მორიგი დაპირისპირებაა.

ჯუზეპე ესპოზიტო, spazionapoli