მეგრული იავნანა ლა სკალას სცენაზე: დამწვარი ვაგონები, ძვირფასი ქურქები და უცნობი ფაქტები სამსაჯო ისტორიებიდანმევლუდ მიმინოშვილი გარდაიცვალა, ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ქართველი მსაჯი. სარბიელელები ვწუხვართ მომხდარის გამო და გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც რვა წლის წინ გავაკეთე და გაზეთ „ჩვენი თამაშის“ ფურცლებზე დაიბეჭდა…

„მევლუდ მიმინოშვილმა პირველი მატჩი 1965 წელს თბილისში, დიდუბეში, „სუკონკის“ ხრეშიან მოედანზე იმსაჯა და იქიდან მოყოლებული, ევროპაში სტადიონი არ დაუტოვებია. 1990 წელს ეროვნული ჩემპიონატის გახსნის მატჩიც მას ანდეს და საქართველოს ნაკრების პირველი შეხვედრაც, საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ფინალი, მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის გერმანია-ესპანეთის გადამწყვეტი შესარჩევი მატჩი და 1987 წელს ჩემპიონთა თასის ნახევარფინალიც…

თბილისის „დინამო“ თუ არ თამაშობდა, საკავშირო ფეხბურთის ფედერაცია სწორედ მევლუდ მიმინოშვილს ნიშნავდა ყველა იმ მატჩის მსაჯად, რომელსაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ვინაობა უნდა გამოევლინა. ფეხბურთელებში ავტორიტეტი ჰქონდა და მისთვის მადლობასა და საჩუქრებს არც საბჭოთა ჩინოვნიკები იშურებდნენ… ორიოდ დღის წინ კი, მევლუდ მიმინოშვილმა სპორტის მინისტრისგან საქართველოს სპორტის რაინდის წოდება დაიმსახურა, ჩვენ კი გვითხრა, რომ…

– დღეს ჩემზე ბედნიერი კაცი არ მეგულება. მადლობა ჩემს ქვეყანას, რომ ფეხბურთში საქმიანობა დამიფასა და ქართული სპორტის უმაღლესი წოდება მომანიჭა. ბედნიერი ვარ იმიტომაც, რომ ქართველ მსაჯთაგან მსგავსი პატივი პირველს მერგო… როცა სპორტის სამინისტროდან დამირეკეს და ამ ჯილდოს შესახებ მაცნობს, თვალს ცრემლიც კი მომადგა. მადლობელი ვარ ასეთი დაფასებისთვის და შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ კვცლავაც ქართული ფეხბურთის სამსახურში ვარ. სხვათა შორის საქართველოს სამსაჯო სკოლას დიდი ტრადიციები აქვს და ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ გიორგი ბაქანიძის, კარლო ყრუაშვილის, ნიკა ამირეჯიბისა და ანატოლი მილჩენკოს სახელები.

– მოდით თავიდან დავიწყოთ და თქვენი ფეხბურთში თქვენი პირველი ნაბიჯები გაიხსენეთ

– სამეგრელოში 8 კლასი დავამთავრე და საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი. სკოლაში და შემდგომ საავიაციო ტექნიკუმში, სპორტის რაიმე სახეობა თუ იყო, არაფერს დავკლებივარ. ცხადია, ფეხბურთსაც ვთამაშობდი და „დინამოს“ მატჩებზე დასწრება, ჩემთვის საოცნებო იყო. ბილეთები არ იშოვებოდა. ჰოდა, ერთხელაც რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯმა რობერტ გურგენიძემ შემიყვანა „დინამოს“ თამაშზე, მოგვიანებით კი მისივე რჩევით, მსაჯობა გადავწყვიტე. ფეხბურთის სამმართველოში მიმიყვანა მსაჯთა კურსებზე. მახსოვს, პირველი მატჩი „სუკონკაზე“ ვიმსაჯე, ოღონდ, მაშინ ასისტენტი ვიყავი.

-მას შემდეგ კი მთელი მსოფლიო შემოიარეთრომელი იყო თქვენთვის გამორჩეული მატჩი?

– რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ჩემპიონატის გახსნის შეხვედრა „დინამო“ – „კოლხეთი“. 100 ათასი კაცი, ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი და კათოლიკოს-პატრიარქი ტრიბუნაზე… წარმოუდგენელი ემოცია იყო და, ცხადია, ძალიან ვღელავდი. ამ თამაშის გარდა, იყო კიევის „დინამოსა“ და მოსკოვის „სპარტაკის“ ფინალის ტოლფასი მატჩი და „სპარტაკი“ – „ზენიტის“ შეხვედრა, რის შემდეგაც „ზენიტი“ 1984 წელს პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

– კიევის დინამოსა და სპარტაკის“ იმ მატჩის შემდეგ რა მოხდაიმ თამაშზე მთელი ქვეყანა ლაპარაკობდა

– მოედანზე არაფერი მომხდარა, „სპარტაკმა“ 1:0 მოიგო და ჩემპიონატის დამთავრებამდე გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. მატჩის შემდეგ კი გამოვდივარ გასახდელიდან და რას ვხედავ – ჩემს წინ დგანან უკრაინის კომპარტიის პირველი მდივანი ვლადიმირ შჩერბიცკი და კიეველთა მწვრთნელი ვალერი ლობანოვსკი. ერთი კი ვიფიქრე – პრაქტიკულად უშეცდომოდ ვიმსაჯე და რა პრეტენზია უნდა ჰქონდეთ – მეთქი, მაგრამ სანერვიულოდ არც მქონია საქმე. პირიქით, ორივემ მადლობა გადამიხადა. ამბავი კი საღამოს, კიევის ვაგზალში მოხდა – გახარებულმა მოსკოველმა ქომაგებმა სამგზავრო მატარებლის ორი ვაგონი დაწვეს. კარგად აღარ მახსოვს… იმ ამბავს, მგონი მსხვერპლიც მოჰყვა. სხვათა შორის, ვლადიმირ შჩერბიცკის მოგვიანებით კიდევ შევხვდი და მისგან საჩუქარიც მივიღე.

მევლუდ მიმინოშვილი და ოლეგ ბლოხინი

– მოედანზე ყველაზე აუტანელი ფეხბურთელი ვინ იყო?

– მაგალითად, ვალერი გაზაევი, რომელსაც მთელი მატჩი ხელები ჰქონდა გაშლილი და ჩემს ყოველ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა. ან თუნდაც ოლეგ ბლოხინი – რამდენადაც დიდი ფეხბურთელი იყო, იმდენადვე ხასიათი არ უვარგოდა; მახსენდება დონეცკელი მცველი პიანიხი, ძალიან უხეში და უზრდელი ფეხბურთელი. ყველაზე სასიამოვნოდ კი ის მატჩები მაგონდება, როცა ლეონიდ ბურიაკი და რინატ დასაევი თამაშობდნენ. ძალიან კულტურული ფეხბურთელები იყვნენ, მათგან ერთ ზედმეტ სიტყვას ვერ გაიგებდი, თუ რაიმე ჰქონდათ საკითხავი, ლაპარაკს ბოდიშის მოხდით იწყებდნენ. მქონდა ბედნიერება და ბეკენბაუერის, პლატინის, ბუტრაგენიოს, კიგანის, ჰრუბეშის, რუმენიგეს, ბერგომისა და სხვა ლეგენდარული ფეხბურთელების მონაწილეობით მემსაჯა. ისეთი ფეხბურთელები იყვნენ, დამნაშავენი რომ ყოფილიყნენ, მათი დაჯარიმებაც კი მოგერიდებოდა.

– მოედანზე ყველაზე მეტად რა გეჯავრებოდათ?

– სიმულანტობა. ამ მხრივ ყველაზე გამორჩეული ცსკა- ს თავდამსხმელი იგორ ტატარჩუკი იყო. მეტოქის საჯარიმო მოედანში შევიდოდა თუ არა, მაშინვე იშხლართებოდა და პენალტს ითხოვდა. თუმცა მისი ფანდები ჩემთან არ ჭრიდა, ვიცოდი, რომ სიმულანტი იყო და მატჩამდე ვაფრთხილებდი – ან წესიერად ითამაშებ, ან მოედანს დაგატოვებინებ-მეთქი.

– წითელ ბარათს ხშირად აფრიალებდით?

– ვერიდებოდი და მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიყენებდი, თუ სხვა გზა აღარ იყო. ერთხელ, ვლადიმირ ბესონოვი მეტოქეს ისე ეუხეშა, ლამის ძვლები დაუმტვრია, თუმცა მე ყვითელი ბარათიც არ ვუჩვენე. ბესონოვი არ იყო უხეში ფეხბურთელი და იმ ეპიზოდშიც მეტოქეს ფეხში შემთხვევით ჩაარტყა. ამის გარდაც ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, როცა უხეშობაზე თვალი დამიხუჭავს, არც თამაში გამიფუჭებია და არც ფეხბურთელი გამიმწარებია. ერთხელ კი ყვითელი ბარათი ამოვიღე და ეს კინაღამ ძვირად დამიჯდა. ერევანში, „რაზდანის“ სტადიონზე სომხების კერპი ხორენ ოგანესიანი გავაფრთხილე. ერევანში თამაშისას მისთვის ყვითელი ბარათის ჩვენება საგმირო საქმედ ითვლებოდა. მატჩის ბოლოსკენ მან „სპარტაკის“ მეკარე რინატ დასაევს აშკარად ხელი ჰკრა და გოლი ისე გაიტანა. არ ჩავთვალე, ჩემი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ოგანესიანი ჩემკენ გაშმაგებული გამოიქცა. აღარ დავაყოვნე და ცხვირწინ ყვითელი დავახვედრე. ატყდა ერთი ამბავი, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა.

მევლუდ მიმინოშვილი და ლეონიდ ბურიაკი

-თქვენს დროს ჩაწყობილი თამაშებიც ხშირი იქნებოდამართალიარომ კიევის „დინამო“ ჩემპიონი რამდენჯერმე სწორედ ასე გახდა?

– არა, კიევის დინამოს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდა და თამაშების ჩაწყობა არ სჭირდებოდა. ისე კი, ვინ არ იცის, რომ ჩაწყობილი თამაშები იყო. ფულით „გაკეთებული“ მატჩის მსაჯი არასდროს ვყოფილვარ… ერთხელ, მინსკში, ადგილობრივი „დინამო“ მოსკოველ თანაკლუბელებს მასპინძლობდა. რუსები უმაღლესი ლიგიდან ვარდებოდნენ და მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ. მატჩამდე რამდენიმე თვით ადრე მოსკოველებმა მინსკიდან ედუარდ მალოფეევი გადაიბირეს. ბელარუსები ნაწყენები დარჩნენ. იმ მატჩის წინ კი მინსკის „დინამოს“ ხელმძღვანელობას სპორტსაზოგადოება „დინამოს“ თავმჯდომარემ დაურეკა და მოსკოველებისთვის თამაშის დათმობა სთხოვა. მინსკელებმაც სწორედ მალოფეევის გამო თქვეს უარი. ჰოდა, ამის შემდეგ იყო, რუსებმა მე რომ მომმართეს, იქნებ მოგებაში დაგვეხმაროო. არაფერს შევპირებივარ, თუმცა მაშინვე მინსკელთა საწვრთნელ ბაზას მივაშურე და მათი ლიდერები – ზიგმანტოვიჩი, გოცმანოვი და ალეინიკოვი გარეთ გამოვიყვანე. ვუთხარი, ასეთი ამბავია-მეთქი. ასე მოგვარდა ის საქმე და მატჩი მოსკოველებმა მოიგეს. ჩაწყობილი მატჩები მეტწილად სეზონის ბოლოს იყო.

– წეღან არ გითქვამთრა საჩუქარი მიიღეთ უკრაინის კომპარტიის პირველი მდივნისგან?

– კიევის „დინამოს“ მორიგი საშინაო მატჩის წინ გასახდელში ვხურდები და ამ დროს სტადიონის თანამშრომელი ყვირის – შეფი მოდის, შეფი მოდისო! ვიფიქრე, ვინ შეფი-მეთქი და ამ დროს ჩვენს ოთახში შჩერბიცკი შემოდის – უკრაინის ცკ-ის პირველი მდივანი და პოლიტბიუროს წევრი. მისმა თანმხლებმა იქვე დიდი ყუთი დადო. ეს თქვენ, ჩემგანო – მეუბნება შჩერბიცკი. ყუთში იმ დროისთვის ძალზე იშვიათი და ძვირფასი სამი ქურქი დაგვხვდა. შჩერბიცკისთვის საჩუქარზე უარის თქმა, აბა, როგორ იქნებოდა“.

 26 იანვარი, 2015