იმ დღეს „უნიონ ბერლინისა” და „ნაპოლის” შეხვედრა ვერ ვნახე, შუაღამემდე შედეგიც გავიგე.
როდესაც სმარტფონი ჩავრთე, პირველი რაც ვნახე „სქაის” მიერ ამოკრებილი სახიფათო მომენტები იყო. ვიდეო 2,07 წუთი გრძელდებოდა. ეს უფრო მოკლე ვერსია იყო იმ სამწუთიანთან შედარებით, რომელსაც ჩვეულებრივ მეორე დღეს დებენ ხოლმე. ჩანაწერში ვნახე რომ „ნაპოლიმ” მოიგო, მაგრამ ვერ გამოვიტანე დასკვნა: როგორ ითამაშა გუნდმა? იმსახურებდა თუ არა გამარჯვებას? საერთოდ ვერაფერი გავიგე. იმ 2,07 წუთიდან ფასეული მხოლოდ 10 წამი იყო, როდესაც ჩანდა როგორ გაიტანა გოლი რასპადორიმ. ვნახე კვარას გასაოცარი მოქმედება, მაგრამ ჯაკომინოს სწრაფი დარტყმა არანაკლებ მომხიბვლელი იყო. შემდეგ შევიტყვე, რომ კვარას უთქვამს, რასპადორის ეპიზოდი ასე კარგად რომ არ დაესრულებინა, ჩემი ლამაზი გარღვევა უსარგებლო იქნებოდაო.
ყველაზე კარგი რაც ამ ეპიზოდში კვარამ გააკეთა, დრიბლინგის შემდეგ მოხდა: თავი აწია, დაინახა თავისუფალი რასპადორი, ბურთი მიაწოდა და გაეცალა. და ყველაზე კარგი, რაც რასპადორიმ გააკეთა დარტყმის წინ მიღებული გადაწყვეტილება იყო, როდესაც ახლო ძელისკენ გადაინაცვლა. რასაკვირველია მან შესანიშნავად დაარტყა, მაგრამ გოლი პოზიციის შერჩევამ განაპირობა. გოლი იმდენად მშვენიერია, რომ ჩვენ მას კიდევ ხშირად გადავახვევთ. ეპიზოდი სულ რამდენიმე წამს გრძელდებოდა; ის 2,07 წამიან ვიდეოში გამოირჩეოდა, ხოლო ეს ვიდეო 90 წუთიდან გახლდათ შერჩეული.
ასე დავიძინე იმ ღამეს. მატჩის შესახებ სხვა არაფერი ვიცოდი და ახლა რომ ვფიქრობ, მომავალშიც მხოლოდ ეს დამრჩება მეხსიერებაში. დავინახე რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო? სავარაუდოდ დავინახე. ვიცი ისეთი რამ, რაც მეხსიერებას შემორჩება? უეჭველად.
მომდევნო დღეებში „ნაპოლის” თამაშის სხვადასხვა მიმოხილვა წავიკითხე. გავიგე, რომ გუნდმა შესაძლოა ცუდად არა, მაგრამ უსიამოვნოდ ითამაშა. ბევრი წერდა, რომ შეხვედრა იყო მოსაწყენი, იწვევდა მთქნარებას და ასე შემდეგ. წავიკითხე ალფონსო ფაზანოს მუდამ მნიშვნელოვანი ტაქტიკური ანალიზი და დარდი მომეძალა. არა იმიტომ, რომ გუნდი ლამაზად აღარ თამაშობს, არამედ იმიტომ, რომ გარსიას თამაშის სტილი კვლავ ვერ გამოიკვეთა. ალფონსო წერს, რომ „ნაპოლის” მწვრთნელი ისევე თამაშობს, როგორც თამაშობდა 15 წლის წინ. აფსუს, მაშინ 37 წლის ვიყავი. სამწუხაროდ 37 წლის აღარ ვარ, თუმცა „ნაპოლი” 15 წლის წინ ვერაფერი შვილი იყო. ჩემმა ერთგულმა მკითხველმა იცის, რომ ლამაზი ფეხბურთით ვარ შეპყრობილი, მიყვარს ფეხბურთელები გამოკვეთილი ხედვით, მიყვარს გუნდური ჰარმონია. მე მხიბლავს გუნდები, სადაც ყველამ იცის თავისი საქმე, ხოლო ნიჭიერები სცენარს არღვევენ და თავიანთ გამორჩეულ სიტყვას ამბობენ. იმავდროულად — და აქ მინდა კვარას დავუბრუნდე — მძულს სილამაზე სილამაზისთვის. ხუთი ლამაზი დრიბლინგი უსარგებლოა თუ მათ გოლი არ მოჰყვება. ერთადერთი ამას თუ გვათქმევინებს: ვაჰ! ან ნეაპოლურად Uanema! მეორე მხრივ კი, თუ ვერ იმარჯვებ, ლამაზად ლამაზად მაინც წააგე. დიდმა პოეტებმა იციან, რომ დიდებულ ლექსს არავინ დაიმახსოვრებს თუ ბოლო ორ სტრიქონში რაღაცას არასწორად დაწერ (კვარას პასი და ჯეკის გოლი).
სხვადასხვა კომენტარების წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ჯობდა მატჩი მეც მომწონებოდა, მაგრამ რა ვქნა თუკი არ შემიძლია მომეწონოს მხოლოდ დაძაბულობა, გოლის ლოდინი და მარტო ბერლინის გადავსებული, ფერადი სტადიონით ტკბობას ვერ ვახერხებ.
„ნაპოლი” რთულ პერიოდშია. გარსიას ჯერჯერობით ვერ გავუგე, მაგრამ თუ ასე გააგრძელებს — ჩემს თავს კარგად ვიცნობ — მომეწონება. მოკლედ რომ გითხრათ, მან რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რამდენიმე შეხვედრა მცდარად წარმართა, მაგრამ დიდი ხელფასის მიუხედავად მეტ პატივისცემას იმსახურებს. ეს პატივისცემა მის მთელი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებასაც გულისხმობს და ნაკლებად ჯამბაზურ მენეჯმენტსაც. მოკლედ, ვნახოთ. ის ფეხბურთი, რომელსაც გუნდი შარშან თამაშობდა აღარ დაბრუნდება, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ მის ადგილს რაღაც მოსაწონი დაიკავებს.
და ბოლოს მინდა ისევ უნახავ მატჩს, გამორთულ სმარტფონს და რასპადორის გოლს დავუბრუნდე. რა შეგვრჩა ხელთ სამი ქულის გარდა? რა დარჩა იმ ხალხს, ვინც ჩემგან განსხვავებით თამაში ნახა და მოიწყინა? რა და ის, რაც ყოველთვის რჩება მიუხედავად იმისა შეხვედრა კარგი იყო თუ ცუდი: ჩართეთ ჩანაწერი, გადაახვიეთ ცოტა უკან, ცოტა წინ და იპოვეთ ის მომენტი, როდესაც კვარა ბურთს იღებს. და მერე დააჭირეთ: Play!
ჯანი მონტიერი, ilnapolista