Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli controls the ball during the UEFA Champions League match between 1. FC Union Berlin and SSC Napoli at...ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში „ნაპოლიმ” „უნიონ ბერლინს” სტუმრად 1:0 მოუგო. ნეაპოლელებმა ერთადერთხელ მოახერხეს კარში დარტყმა და გამარჯვების გოლი გაიტანეს. „აძურიმ” კიდევ ხუთჯერ დაარტყა კარის მიმართულებით, რომელთაგან ორჯერ მიზანს ააცილა, სამჯერ კი ბურთი ბერლინელებმა არ გაატარეს. მასპინძელთა მწვრთნელმა ურს ფიშერმა მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე სწორედ ამას გაუსვა ხაზი:

„ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. მეტოქისთვის თამაშის შესაზღუდავად დიდძალი ენერგია დავხარჯეთ, მათ კი კარში ერთხელ დაარტყეს, იმ ერთადერთი დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანეს. სხვა მხრივ ძალიან კარგად ვითამაშეთ. ასეთი ფეხბურთით ამაყი ვარ.

ცხრილში სახარბიელო მდგომარეობა არ გვაქვს. ამ პოზიციიდან ფლეი-ოფში გასვლა ფაქტობრივად შეუძლებელია. იმედი მქონდა, რომ გავიმარჯვებდით, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შევძელით”.

სატურნირო მდგომარეობა, რომელიც ფიშერმა ახსენა ასეთია: სამი ტურის შემდეგ 9 ქულით ლიდერობს „რეალი”, რომელმაც როდრიგოსა და ჯუდ ბელინგემის გოლებით „ბრაგას” ესპანელი თავდამსხმელის ალვარო ჯალოს ერთი გოლი გადაწონა — 2:1. მეორეზე 6 ქულით „ნაპოლია”, მესამეზე 3 ქულით არის „ბრაგა”, ხოლო „უნიონ ბერლინი” 0 ქულით ბოლო პოზიციაზეა.

გოლი, რომელიც „ნაპოლიმ” „უნიონ ბერლინს” 65-ე წუთზე გაუტანა, ხვიჩა კვარაცხელიას ვარსკვლავური გაბრწყინების შედეგი იყო. მან მარცხენა ფრთიდან შეაღწია საჯარიმოში და ბურთი ჯაკომო რასპადორის დაუგორა, რომელმაც თავის მხრივ გაუჩერებლად დაარტყა და ეფექტურად გაიტანა.

კვარაცხელია უეფამ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ქართველი გარემარბის მატჩისშემდგომი კომენტარი ასეთი გახლდათ: „სატურნირო მდგომარეობა კარგია, მაგრამ დარჩენილ თამაშებში სრული კონცენტრაცია გვმართებს. დიდი მადლობა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებისთვის, თუმცა ამ გამარჯვებაში სხვა ფეხბურთელებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. სხვა დროს საუკეთესო სხვა იქნება”.

„ნაპოლის” მწვრთნელი რუდი გარსია: „კარგად ვიცოდით, რომ ამ შეხვედრაში გამარჯვება გარანტირებული არ გვქონდა. პირველ ტაიმში უკეთ უნდა გვეთამაშა, ბურთს ხშირად ვკარგავდით. მეორე ტაიმი უკეთესი იყო. ძალიან მომეწონა კვარას მოქმედება და საგოლე პასი, რომელიც რასპამ ჩინებული დარტყმით გოლად აქცია. ჩვენ ვაჩვენეთ ჟინი, ბრაზი და ბევრი დუელი მოვიგეთ.

კაიუსტე რატომ შევცვალე? შესვენების დროს ფეხბურთელის შეცვლა კარგი არ არის, მაგრამ ელმასმა გაამართლა. მისი სახით მოედანზე საიმედო ფეხბურთელი შევიდა. გასაკვირი ის იყო, რომ „ვერონასთან” კაიუსტე საუკეთესო გახლდათ, დღეს კი ისე კარგად ვერ ითამაშა. ამის მიზეზებს გავაანალიზებთ. ზოგადად დღეს ყველამ ვინც მოედანზე შევიდა, გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. ასე მაგალითად ოსტიგორმა ნახევარმცველად ჩინებულად ითამაშა. ანგისას გარეშე ხომ ჩვენ მოედნის შუაში ძალისმიერი მოთამაშე გვაკლდა. ძალიან მომეწონა გუნდის განწყობა. დავინახე რა გიჟური სიბრაზით შეასრულა ნატანმა ვარდნა. სწორედ ეს მიდგომა და ენერგია მჭირდება ფეხბურთელებისგან”.

მომდევნო თამაში „ნაპოლის” 8 ნოემბერს ისევ „უნიონ ბერლინთან” აქვს, „რეალი” კი „ბრაგას” მასპინძლობს.