„მას შეხვედრის ბოლო წუთებამდე საქმე არ ჰქონია, ბოლოს კი დიდებული თამაშით გუნდი სამი გოლისგან იხსნა”, — წერს გიორგი მამარდაშვილის შესახებ AS და კაცმა რომ თქვას, „ვალენსიასა” და „კადისის” შეხვედრის მიმოხილვის (2:0) ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო ნაწილი სულ ესაა. მატჩში, რომელიც კოკისპირული წვიმის თანხლებით დაიწყო, „ღამურებს” ყველაფერი კარგად გამოსდიოდათ, ლამაზი გოლები გაიტანეს და 22-ე წუთზე მეტოქის ნახევარმცველის რობერტ ნავაროს პირდაპირი წითელი ბარათით გაძევებამაც მათ წისქვილზე დაასხა წყალი. ერთადერთი, რაც არ ვარგოდა ის იყო, რომ ბოლო წუთებში გუნდმა ყურადღება მოადუნა, ალბათ თავი უკვე ქუდში ეგონა და გიორგის თავისი ოსტატობის ჩვენება ამიტომაც მოუხდა.

„მამარდაშვილმა დღევანდელ შეხვედრაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. არის თამაშები, როდესაც მეკარემ უნდა გადაგარჩინოს. მან მეტოქეს სხვაობის შემცირების საშუალება არ მისცა, რაც ძალიან კარგი იყო, რადგან 2:1 რომ გამხდარიყო, ჩვენ ფორიაქში აღმოვჩნდებოდით. მეტოქეს მისთვის 85-ე წუთამდე არ დაურტყამს. მისი დამსახურებით მშვიდად ვართ. ის 23 წლისაა და როგორც მეკარე კიდევ უნდა გაიზარდოს”, — თქვა მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე „ვალენსიას” მწვრთნელმა რიბენ ბარახამ.