ეს მასიმილიანო ალეგრის პირველი შოუ არ იყო. ალბათ, არც ბოლო. მიუხედავად იმისა, რომ წუხელ „სან სიროზე” მისი „იუვენტუსი” მასპინძელ „მილანს” 1:0-ს უგებდა და საბოლოოდ მოუგო კიდეც, მან ბოლო წუთებზე მაინც მოაწყო ისტერიკა, წიხლი ურტყა სარეკლამო დაფას, ისროლა წყლის ბოთლები, იყვირა, ჯერ თავისი პიჯაკი დაანაცხ მიწაზე, მერე კი ჰალსტუხი.
მიზეზი? მწვრთნელმა როგორც ყოველთვის ჩათვალა, რომ შეხვედრის მიწურულს მისმა გუნდმა ყურადღება მოადუნა, ბურთს სახიფათოდ აგორებდა, ქმნიდა მილანელთა კონტრშეტევისთვის ხელსაყრელ მდგომარეობებს და მარტივად არ თამაშობდა. მატჩის შემდეგ ალეგრიმ თქვა:
„როდესაც იგებ და შეხვედრა მთავრდება, მარტივ მოქმედებებზე უნდა გადახვიდე. თამაშის გართულება და ფორსირება არ არის საჭირო. ასეთ დროს უნდა შეწყვიტო დრიბლინგი, მოუკლო ორთაბრძოლებსა და პასებს პატარა ფართობზე”.
საინტერესო კომენტარი გააკეთა „ბებერი ქალბატონის” ფრანგმა მოთამაშემ ადრიან რაბიომ, რომელიც პირველად კაპიტნობდა გუნდს და სავარაუდოდო, მოედანზე ყველას სჯობდა კიდეც: „მე თავად ვცდილობ მოედანზე კონცენტრირებული ვიყო, განსაკუთრებით ბოლო წუთებში, მაგრამ ჩვენი მწვრთნელი ასეთია. მას უნდა, რომ საფინალო სასტვენამდე 100 პროცენტით ვიყოთ თამაშში ჩართულები. ის კარგი მწვრთნელია. ასეთი ხერხით ჩვენ ენერგიას გვმატებს ხოლმე”.