Kvaratskhelia, bent the reason for the new celebration.სერია A-ს მეცხრე ტურის პირველ შეხვედრაში „ნაპოლიმ” „ვერონაში” 3:1 მოიგო: ორი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ერთი — მატეო პოლიტანომ. ამრიგად, წინა ტურში შინ „ფიორენტინასთან” დასანანი მარცხის შემდეგ „აძურიმ” კვლავ გაიმარჯვა, ხოლო რუდი გარსია მღელვარე ორი კვირის შემდეგ (როდესაც გაზეთები მის სამსახურიდან გაშვებაზე ლაპარაკობდნენ) დამშვიდდა. ვერონაში კვლავ გაიბრწყინა „ნაპოლის” ქართველმა ვარსკვლავმა, რომელსაც ერთ შეხვედრაში ორი გოლი შარშანდელი აგვისტოს შემდეგ (შინ „მონცასთან”) არ გაუტანია. და კვარაცხელიამ გოლის ახლებური აღნიშვნაც გვაჩვენა. პირველად მან ასე რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იზეიმა: მშვილდოსანი განასახიერა. ნეაპოლელ გულშემატკივარს, ვინც ამ სცენას უყურა, უეჭველად ძველი „მშვილდოსანი” ემანუელე კალაიო (იტალიელი თავდამსხმელი, რომელიც „ნაპოლიში” 2005-08 წლებში თამაშობდა) გაახსენდებოდა.

ხვიჩა კვარაცხელიას ახლებური აღნიშვნა, როდესაც ის თითქოსდა ისარს მოზიდავს და ისვრის, მართლა ძალიან ჰგავს კალაიოს ზეიმს, რომელსაც ამის გამო მშვილდოსანიც შეარქვეს, მაგრამ სინამდვილეში ქართველმა გოლი ასე კალაიოს გამო კი არ აღნიშნა, არამედ იმიტომ, რომ MMA-თი არის გატაცებული. როგორც Dazn წერს, ეს სპორტი საქართველოში ძალიან პოპულარულია და მშვილდოსნის გათამაშება სხვა არაფერია თუ არა MMA-ს ნიგერიელი ჩემპიონის ისრაელ ადესანიას კოპირება.

ნეაპოლელ გულშემატკივარს იმედი აქვს, რომ კვარაცხელიას ისარი ყოველ შეხვედრაში მიაღწევს მიზანს და მივიწყებული აღნიშვნის დაბრუნებაზე ეღიმება. ემანუელე კალაიოს წყალობით „სან პაოლოს” სტადიონი ხომ ბევრი ისრის გასროლის (112 შეხვედრაში 40) მომსწრე გამხდარა.

ამრიგად, კვარაცხელიამ, რომელიც გოლებს ერთგულად უძღვნის თავის მეუღლეს ნიცას, რომელთანაც გასულ კვირაში იქორწინა, ზეიმს დიდი ნიგერიელი ჩემპიონისადმი პატივისცემის გამოხატვაც დაამატა.

ნეტავ იღბლიანი გამოდგება ასეთი აღნიშვნა ქართველი ვარსკვლავისთვის? ნეაპოლელი გულშემატკივარი იმედოვნებს, რომ სწორედაც ასე მოხდება, მითუფრო ახლა, როდესაც მათ გუნდს დიდი გამოცდები ელის. „ნაპოლიმ” რამენაირად უნდა შეავსოს ვიქტორ ოსიმენის არყოფნა, ასე რომ ქართველს თავისი მხრებით მოუწევს გუნდის ზიდვა, რათა ის ცხრილის მწვერვალთან დაბრუნდეს.

რაფაელე სილვესტრო, spazionapoli