„რადიო მარტეს” ჟურნალისტმა მასიმილიანო გალომ „ნაპოლიში” შექმნილი მდგომარეობის შესახებ ილაპარაკა:
„არის რუდი გარსია „ვერონასთან”, „უნიონ ბერლინთან” და „მილანთან” შეხვედრების წინ საკუთარ თავში დარწმუნებული? არ მგონია. ამ სამმა მატჩმა შესაძლოა მისი ბედი გადაწყვიტოს. სხვა მწვრთნელი უნდა შევიგულოთ. თუმცა, ის აღსანიშნავია, რომ ოსიმენის ტრავმა გარსიასთვის ალიბია. ნიგერიელის არყოფნა ორივე მხრიდან ალესილ ხმალს ჰგავს. სწორედ ახლა შეიძლება იმის დამტკიცება, რომ „ნაპოლის” მის გარეშეც ჩინებულად შეუძლია თავის გატანა.
ვის ათამაშებს გარსია ოსიმენის ადგილზე? ვინმეს და არა რასპადორის? ეს კიდევ ერთი უცნაური საქციელი იქნება. ფრანგს რასპადორი სხვადასხვა პოზიციებზე გამოჰყავს, ნახევარმცველადაც კი უთამაშებია და გაუგებარია, რატომ არ უნდა ათამაშოს ცენტრალური თავდამსხმელის ადგილას. ნუ დაგვავიწყდება, რომ ნაკრებში ის პირველი ცენტრფორვარდია.
გარსია „აძურის” მწვრთნელი მხოლოდ იმიტომ არის, რომ დე ლაურენტისმა მისი შემცვლელი ვერ იპოვა.
„ვერონასთან”, ისევე როგორც „ლეჩესა” და „უდინეზესთან” „ნაპოლის” შეუძლია მოიგოს და მოყოჩაღდეს”.
ამასობაში, სხვადასხვა საიტებზე იწერება, რომ რუდი გარსია „ვერონასთან” შეხვედრაში ოთხი ფეხბურთელით გადახალისებულ შემადგენლობას გაიყვანს მოედანზე. ავტორიტეტული „კორიერე დელო სპორტი” ვარაუდობს, რომ ოსიმენის ნაცვლად ცენტრალურ თავდამსხმელად ჯოვანი სიმეონეს ვიხილავთ. ამ მოსაზრებას ის გარემოება ამყარებს, რომ სიმეონე არგენტინის ნაკრებში არ გამოუძახიათ, რის გამოც ის მთელი კვირა ნეაპოლში იყო და ინტენსიურად ემზადებოდა. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ იტალიის ჩემპიონი ვერონაში თავდამსხმელთა ასეთ სამეულს გამოიყვანს: მარჯვნივ მატეო პოლიტანო, შუაში ჩოლიტო და მარცხნივ ხვიჩა კვარაცხელია.
დაცვაში ლეო ოსტეგორს სავარაუდოდ ამირ რაჰმანი შეცვლის, ხოლო მარცხენა მხარეს მატიას ოლივერას მაგივრად პორტუგალიელი მარიო რუი დადგება. მცველთა ოთხეული ასეთი იქნება: დი ლორენცო, რაჰმანი, ნატანი და მარიო რუი.
და კიდევ ერთი ცვლილება მოსალოდნელია ნახევარდაცვაში. დაშავებული ანდრე-მარკ ზამბო ანგისას ნაცვლად სავარაუდოდ იენს კაიუსტი ითამაშებს და არა ელიფ ელმასი. ამრიგად, მოედნის შუაში სტანისლავ ლობოტკას, კაიუსტისა და პიოტრ ჟელინსკის სამეული იქნება.