Khvicha Kvaratskhelia, Cristiano Giuntoli of Napoli poses during the Serie A match between SSC Napoli and Torino FC at Stadio Diego Armando Maradona...„ნაპოლიდან” „იუვენტუსში” გადაბარგებულმა სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯიუნტოლიმ რამდენიმე დღის წინ, ტრენტოს სპორტის ფესტივალზე ნეაპოლში გატარებული პერიოდის შესახებ ილაპარაკა და „აძურის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი დიდი პატივისცემით მოიხსენია, მაგრამ… თურმე გაუბრაზებია. დე ლაურენტისმა პასუხად მკვახე სიტყვები თქვა.

„ნაპოლის” მეპატრონე კასტელ ვოლტურნოში ჟურნალისტებს შეხვდა და სხვა საკითხებთან ერთად ჯიუნტოლიზეც ილაპარაკა. მისი ნათქვამი SportMediaset-ში გამოქვეყნდა.

„ჯიუნტოლი მთელი 6 თვის განმავლობაში ისვენებდა. ის „იუვენტუსში” გაშვებას მთხოვდა. თავიდან გამიკვირდა. ვკითხე, შენ შემთხვევით „იუვენტუსის” ფანი ხომ არ გახდი, მეთქი. თავი კინოში მეგონა, რადგან ვიცოდი, რომ აქ, ნეაპოლში, „იუვენტუსი” მტრად მიაჩნიათ”, — თქვა იტალიის ჩემპიონის მეპატრონემ, რომელმაც შემდეგ ნეაპოლელი გულშემატკივარი კიდევ უფრო გააკვირვა:

„კვარა? ის ჯიუნტოლის აღმოჩენილი სულაც არ არის. მის შესახებ პირველად ჩემმა შვილმა ედოარდომ მითხრა და კრისტიანომ ნეაპოლში მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოიყვანა. ჯიუნტოლიმ, რასაკვირველია, ბევრი ფეხბურთელი სწორად შეამჩნია, მაგრამ ამდენივეში შეცდა კიდეც”.

თუმცა, ბოლოს დე ლაურენტისმა ჯიუნტოლის მისამართით მაინც გაიმეტა კეთილი სიტყვა: „მე მას ბრწყინვალე პროფესიონალად მივიჩნევ, რომელიც სამწუხაროდ „იუვენტუსში” გადავიდა”, თქვა კინოპროდიუსერმა.