Gavi of Spain is challenged by Leo Ostigard of Norway during the UEFA EURO 2024 European qualifier match between Norway and Spain at Ullevaal Stadion...ნორვეგიის ნაკრებისა და „ნაპოლის” ცენტრალურ მცველს ლეო ოსტიგორს ეროვნული გუნდის ბანაკში Transkermarkt.it-მა ინტერვიუ ჩამოართვა. გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან:

„კიმის წასვლა არავის გახარებია. ის ჩინებული ადამიანია, ყველას გვენატრება. მას „მანჩესტერ იუნაიტედსა” და „ბაიერნს” შორის ჰქონდა არჩევანი. საბოლოოდ ბავარიელებზე შეჩერდა და ეს კარგი გადაწყვეტილება იყო. რაც შემეხება მე, რად უნდა ლაპარაკი, რომ მისმა წასვლამ ჩემზე დადებითად იმოქმედა. თამაშის შანსი მყისიერად გამეზარდა. ახლა ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. წინა სეზონში მიჭირდა. უნარების გამოვლენა გაცილებით ადვილია, როდესაც ზედიზედ რამდენიმე შეხვედრაში იღებ მონაწილეობას, ვიდრე მაშინ, როდესაც მოედანზე აქა-იქ გიშვებენ”…

…„სკუდეტოს გამეორება იოლი არ იქნება. იტალიაში ბევრი ძლიერი გუნდია. გასულ სეზონში ყველანი შეთამაშებულები ვიყავით. საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობდით. ეს წარმოუდგენელი იყო, მაგრამ როდესაც ფინიშის ხაზი გამოჩნდა, ღელვა დაგვეტყო. პირადად მე იშვიათად მათამაშებდნენ, მაგრამ მწამს, რომ გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანე. გასულმა სეზონმა ბევრი რამ მასწავლა. მე ასე ვხედავ: თუ სკუდეტოს მოგება გინდა, საჭიროა გყავდეს გუნდი, რომლის ფეხბურთელებიც ერთმანეთს მხარში უდგანან და ამხნევებენ. ვფიქრობ, „ნაპოლიში” ყველამ კარგად იცოდა, რომ იშვიათად მოთამაშე ფეხბურთელებიც კი კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანნი იყვნენ. ჩვენ ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯებოდით და ამით გუნდს მაღალ ხარისხს ვუნარჩუნებდით. დღეს შარშანდელ დონეზე ვერ ვართ, მაგრამ უნდა გამოვფხიზლდეთ და დარჩენილ დროში იქ დავბრუნდეთ სადაც შარშან ვიყავით”…

…„ნაპოლის” ჩემი ყიდვა ძალიან უნდოდა.მენეჯერები ყოველ კვირას მირეკავდნენ. ტრანსფერს თერთმეტი-თორმეტი კვირა ვუახლოვდებოდით. ისინი მარწმუნებდნენ, რომ ახალ გუნდში არ გამიჭირდებოდა და ძალიან სპეციფიურ ადგილას გადასვლას ნამდვილად არ ვინანებდი. იჯარით გატარებული წლების შემდეგ თავადაც ვეძებდი ადგილს, სადაც დიდხანს გავჩერდებოდი. დღეს დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ნეაპოლში ბედნიერი ვარ. აქ ცხოვრება ინგლისში ცხოვრებისგან განსხვავდება. შეუძლებელია იმის აღწერა, თუ რანაირი განცდაა „ნაპოლის” წევრობა. ეს რომ შეიგრძნო ნეაპოლში უნდა ცხოვრობდე. გულშემატკივრები ფეხბურთით სულდგმულობენ. ეს რელიგიას ჰგავს. სხვადასხვა ქვეყნებსა და ლიგებში თამაში ჩემთვის ძალიან სასარგებლო იყო. ამან ცოდნის გაფართოების და საკუთარი თავის მუდმივად განვითარების შესაძლებლობა მომცა. გაჩერებას აღარ ვაპირებ. ეს სწორი არ იქნება. მე ყოველთვის მეტი მინდა. რას მივაღწიე? ამაზე 40 წლისა დავფიქრდები, როდესაც ფეხბურთელი აღარ ვიქნები”.