ევროპული რაგბისთვის შავი შაბათ-კვირა იყო – საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასის ნახევარფინალში ბებერი კონტინენტის მხოლოდ ერთმა წარმომადგენელმა გააღწია.
არადა, მსოფლიო რეიტინგს თუ დავაკვირდებოდით, პირველ და მეორე ადგილებზე შესაბამისად ირლანდიისა და საფრანგეთის ნაკრებები იდგნენ და ტურნირის უპირველეს ფავორიტებადაც სწორედ ესენი მოიაზრებოდნენ.
საერთოდაც, მეოთხედფინალის ოთხივე წყვილში გუნდები ტერიტორიული პრინციპით გადანაწილდნენ – ევროპელები სამხრეთ ნახევარსფეროს წარმომადგენლების წინაამდეგ. და ოთხივე შემთხვევაში ევროპული გუნდი თავის სამხრეთელ ოპონენტს რეიტინგში უსწრებდა, მაგრამ კიდევ ერთხელ დადასტურდა ძველი სიბძნე – ყველა რეიტინგი პირობითიაო…
უელსი – არგენტინა 17:29
ჰოდა, შაბათს რეიტინგის ღირებულების მსხვრევას პირველი არგენტინის ნაკრები შეუდგა. მისი მეტოქე საქართველოს ნაკრების მძლეველი უელსის ეროვნული გუნდი იყო. რეიტინგში უელსი მე-7 იყო, არგენტინა – მე-8, და „დრაკონებმა“ ფავირიტის სტატუსის გამართლება სტარტიდანვე დაიწყეს, პირველ ტაიმში ლელო-გარდასახვა და ზედაც ზუსტი ჯარიმა გაახერხეს, რასაც ტაიმის ბოლოს „პუმებმა“ წყვილი ზუსტი ჯარიმით უპასუხეს – 10:6.
მეორე ტაიმის დებიუტში არგენტინელთა სნაიპერმა ემილიანო ბოფელიმ შესვენებამდე დაწყებული საქმე წარმატებით გააგრძელა და 48-ე წუთისთვის უკვე არგენტინა იგებდა – 12:10.
ცოტა ხანში უელსმა ლელო-გარდასახვა გაიტანა და კვლავ დაწინაურდა – 17:12, მაგრამ როგორც მოგვიანებით გამოჩნდა, ეს იყო ბრიტანელთა ბოლო ქულები მიმდინარე მსოფლიო თასზე. ორივე გუნდში მასობრივად შეიცვალა ხალხი და რეზერვი კი არგენტინას უფრო სოლიდური აღმოაჩნდა. დასკვნით 12 წუთში სამხრეთამერიკელებმა ორი ლელო გაიტანეს, ბოფელიმ, ცხადია, ორივე გარდასახა, ხოლო უკვე გაწითლებულ დროში ბოლო ლურსმანი ცენტურიონმა ნიკო სანჩესმა ჩააჭედა – ზუსტი საჯარიმო დარტყმით – 29:17 და არცთუ საუკეთესო კონდიციებში მყოფი არგენტინა ნახევარფინალში გავიდა.
ირლანდია – ახალი ზელანდია 24:28
შაბათის გვიანმა ღამემ კი რაგბის მოყვარულებს ისეთი სანახაობა აჩუქა, როგორების გამოც ღირს სპორტის ამ სახეობის სიყვარული. ისეთი მაგარი თამაში იყო, რომ მისი მოყოლა მხოლოდ გააუფერულებს იმ ფეერიას, რომელიც სენ-დენის დიდებულ „სტად დე ფრანსზე“ გათამაშდა. მსოფლიო რაგბის სუპერვარსკვლავებმა ყველაფერი აჩვენეს, რაც კი მათ არსენალში საუკეთესო ინახებოდა. და ამ ვარსკვლავურ ჭიდილში „ოლ ბლექსმა“ იმარჯვა – 28:24. რეიტინგის დიდი ხნის ლიდერმა ირლანდიამ მე-4 ადგილზე მყოფ სამხრეთელებს მთელი თამაში კუდში სდია, მაგრამ ამაოდ.
2022 წლის 2 ივლისს ოკლენდში ამ გუნდების ტესტ-მატჩში ზელანდიელებმა „სამყურები“ 42:19 დაამარცხეს, მაგრამ ერთ კვირაში, ახალი ზელანდიის უკვე სხვა ქალაქში, კერძოდ დანიდინში ირლანდიამ რევანში აიღო – 23:12. მაშინ არავინ იცოდა, რომ ეს გამარჯვება დიადი სერიის დასაბამი იყო. იმ გამარჯვების ჩათვლით ირლანდიის ნაკრებმა მიჯრით 18 (!) თამაში მოიგო გასულ შაბათსაც სათამაშოდ გამოკვეთილი ფავორიტის რანგში გავიდა, მაგრამ… ირლანდიელებს ტიტულზე ოცნება 4 წლით გადაუვადდათ, ხოლო „ოლ ბლექსი“ თავისი მეოთხე საჩემპიონო ტიტულისთვის სვლას აგრძელებს – არგენტინასთან ნახევარფინალური მატჩი 20 ოქტომბერს 23 საათზე დაიწყება.
კვირის მატჩებში კი დრამატულობის ხარისხი მეტი თუ არა, ნაკლები ნამდვილად არ ყოფილა.
ინგლისი – ფიჯი 30:24
ინგლისელთა დამრიგებელმა სტივ ბორთვიკმა სწორი დასკვნები გამოიტანა იმ მარცხისგან, რომელიც მისმა გუნდმა „მფრინავი ფიჯელებისგან“ მსოფლიო თასამდე, გასახურებელ მატჩში განიცადა. კვირას ბრიტანელებმა გაცილებით დამაჯერებლად ითამაშეს და მთელი თამაში იგებდნენ. მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ფიჯიმ წონასწორობის აღდგენა მოახერხა, რასაც მთელი ძალები შეალია. ბოლო შტურმზე გადასვლამ კუნძულელებს ცუდი სამსახური გაუწია – ჯერ იყო და ოუენ ფარელმა არეკნი მარჯვედ დაჰკრა, ბოლოს კი ჯარიმაც გაიტანა, შედეგად კი ინგლისელები კვლავ დაწინაურდნენ – 30:24. ბოლო შეტევა კი, ფიჯელებმა ისევე ჩააფლავეს, როგორც უელსთან ჯგუფურ ეტაპზე. ინგლისი აგრძელებს ბრძოლას თავისი მეორე საჩემპიონო ტიტულისთვის. ბარემ, აქაც ვახსენოთ რეიტინგი – ინგლისი მე-6 გახლდათ, ფიჯი – მე-10 და ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა რეიტინგის ლოგიკამ იმუშავა…
საფრანგეთი – სამხრეთ აფრიკა 28:29
და ბოლოს, ნაადრევ ფინალად შერაცხული ბოლო მეოთხედფინალური მატჩი. ერთმანეთს რეიტინგის მეზობლები დაეჯახნენ – მეორე საფეხურზე მყოფი მასპინძელი საფრანგეთი, რომელმაც საოცრად მაგარი გუნდი შეკრიბა, და მსოფლოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, რომლის სიმძლავრეს, ეტყობა, ზღვარი არ გააჩნია.
აი, აქ კი თამაში მართლაც ქულა ქულაში წავიდა, ხან ერთი გაიჭრებოდა წინ, ხან მეორე, ლელოებიც ერთი მეორეზე ლამაზი და დახვეწილი იქმნებოდა, ორივე გუნდმა რაგბის უმაღლესი პილოტაჟი აჩვენა, რომელშიც „ქურციკებმა“ ოდნავ უკეთ იფრინეს და მთელი საფრანგეთი დაამწუხრეს. ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა და აფრიკელებმა 29:28 მოიგეს, ზელანდიელების არ იყოს, ისინიც მეოთხე ტიტულისკენ მიდიან და კვირას, 21 ოქტომბერს, ინგლისთან ნახევარფინალურ ჯახშიც ფავორიტები იქნებიან.