გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის თამაშები 2024 წლის 14 ივნისს დაიწყება. მასპინძლებს შეჯიბრებაში ადგილი გარანტირებული აქვთ, დანარჩენი 23 გუნდიდან კი შვიდის ვინაობა ცნობილი გახდა. 1972, 1980 და 1996 წლების ევროპის ჩემპიონ გერმანიას პარასკევს შეუერთდნენ:
დიდიე დეშამის საფრანგეთი, რომელიც B ჯგუფში ასპროცენტიან შედეგს აჩვენებს — 6 შეხვედრიდან ექვსივე მოიგო (გოლები 13:1). „ლურჯები” კილიან მბაპესა და ანტუან გრიზმანის წინამძღოლობით გერმანიის სტადიონებზეც ცხადია ფავორიტები იქნებიან.
რობერტო მარტინესის პორტუგალია, რომელმაც J ჯგუფში შვიდიდან შვიდივე თამაში მოიგო (გოლები 27:2). ესპანელ მწვრთნელს, რომელმაც იანვარში ფერნანდუ სანტუში შეცვალა, ფაქტობრივად ყველა პოზიციაზე ორი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთაც წინ ვარსკვლავთ ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ მიუძღვით. რონალდუსთვის ევრო 2024 სავარაუდოდ ბოლო დიდი ტურნირი იქნება.
დომენიკო ტედესკოს ბელგია, რომელმაც ხახამშრალი „ოქროს თაობის” შემდეგ თაობათა ცვლაზე წუწუნში ბევრი დრო არ დახარჯა და რომელუ ლუკაკუს ლიდერობით F ჯგუფში 6 თამაშიდან 5 მოიგო, ერთი კი ფრედ ითამაშა (გოლები 16:3). ბელგიელთა მწვრთნელის განკარგულებაში არიან წამყვანი ფეხბურთელები ჯერემი დოკუ „მანჩესტერ სიტიდან” და დოდი ლუკებაკიო „სევილიადან”. მათ გარდა გუნდს ეიმედება ახალგაზრდების, 19 წლის ანდერლეხტელის ზენო დებასტისა და 18 წლის ანტვერპენელი არტურ ვერმეერენის.
კვირას კი A ჯგუფიდან ჩამოთვლილი გუნდებს შეემატნენ ლუის დე ლა ფუენტეს ესპანეთი და სტივ კლარკის შოტლანდია. ამ გუნდებს პირველი და მეორე ადგილი გარანტირებული აქვთ, მაგრამ გასარკვევი აქვთ ვინ დაასრულებს შეჯიბრებას ცხრილის სათავეში. ესპანელებმა ყველაფერს თავისი ადგილი ოსლოში 1:0 გამარჯვებით მიუჩინეს. ნორვეგია და მითუმეტეს საქართველო მათ და სქოთებს კონკურენციას ვეღარ გაუწევენ.
გასულებს D ჯგუფიდან ვინჩენცო მონტელას თურქეთიც შეემატა, რომელმაც ლატვიას 4:0 მოუგო და მიუწვდომელი შეიქნა. მეორე ადგილისთვის უელსი და ხორვატია იბრძვიან.
თურქეთის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა იმას ნიშნავს, რომ ის ერთა ლიგის ფლეი-ოფში საქართველოს ნაკრების შესაძლო მეტოქე აღარ იქნება.