Victor Osimhen sustains Injury vs Saudi Arabia | SportsRationვიქტორ ოსიმენის ტრავმის ამბავი ნეაპოლში მეხივით გავარდა. ლამის უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა: თავდამსხმელისთვის სანაკრებო შეკრებები ტრავმით მთავრდება.  ამჯერად, „სუპერარწივები” ამხანაგურად თამაშობდნენ საუდის არაბეთთან, რომელსაც რობერტო მანჩინი წვრთნის და ამ შეხვედრის 59-ე წუთზე, უხეში შეტაკების შემდეგ სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი იძულებული გახდა მოედნიდან გასულიყო. მოედნის დატოვება მან თავად მოითხოვა — მწვრთნელ ჟოზე პესეირუს ცვლილებს სთხოვა და მის ნაცვლად მოედანზე „ნიცას” მოთამაშე ტერემ მოფი შევიდა.

როგორც ნეაპოლური საიტები წერენ, ოსიმენი „ნაპოლის” ექიმებს დაუკავშირდა. ნიგერიაში მას დღეს გამოიკვლევენ. არ არის გამორიცხული ეს დაღლილობით გამოწვეული კრუნჩხვები იყოს. რუდი გარსია დასკვნის მოლოდინშია და იმედოვნებს, რომ სერიოზული არაფერია და ფორვარდს თამაშების გაცდენა არ მოუწევს. შეგახსენებთ, რომ სანაკრებო წყვეტის შემდეგ, კვირას, 21 ოქტომბერს, „ნაპოლი” ვერონაში თამაშობს, რასაც სამ დღეში „უნიონ ბერლინთან” ჩემპიონთა ლიგის მატჩი მოჰყვება, ხოლო შემდეგ ორშაბათს, 29 ოქტომბერს, პარტენოპეელები არც მეტი-არც ნაკლები შინ „მილანს” ხვდებიან.

„ვიქტორმა დაუყოვნებლივ უნდა გაიაროს შემოწმება. ჩვენ „ნაპოლის” ექიმებთან, მწვრთნელთან და სხვა წარმომადგენლებთან მუდმივ კონტაქტში ვართ. ყოველი შეხვედრის დასრულების შემდეგ კლუბებს ფეხბურთელების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს ვუგზავნით. ჩვენ მათ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლები ვართ. ვიქტორი ფანტასტიკური ფეხბურთელია. ის ჩვენც გვჭირდება და „ნაპოლისაც”. ამიტომაც მისი ჯანმრთელობის დასაცავად მაქსიმუმს ვაკეთებთ. ახლა ოსიმენს გამოკვლევას ჩაუტარებენ და შედეგების მიხედვით გადავწყვეტთ ის ნეაპოლში ნაადრევად დაბრუნდება თუ არა. ასეა თუ ისე, სამ დღეში მისი მოზამბიკთან თამაში შეიძლება სახიფათო იყოს. ჩვენ მას ამ შეხვედრაში ალბათ არ გამოვიყენებთ. ახლა გარისკვა შესაძლოა შემდეგ ერთ-ორ თვედ დაგვიჯდეს. რასაკვირველია, ძალიან მინდა, რომ ვიქტორი მეორე ამხანაგურ შეხვედრაშიც ვათამაშო, მაგრამ მის ჯანმრთელობას გამოკვლევა სჭირდება და თავში უპირველეს ყოვლისა სწორედ ეს გვიტრიალებს. ბოლოს და ბოლოს პატივი უნდა ვცეთ კლუბს, რომელიც მას ხელფასს უხდის და ეს მარტო ოსიმენსა და „ნაპოლის” არ ეხება. ამას რომ ვამბობ, ყველა ფეხბურთელს და კლუბს ვგულისხმობ”, — თქვა ნოგერიელთა პორტუგალიელმა თავკაცმა.