15 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩში კვიპროსს დაუხვდება. სტუმრებს ქართველი მწვრთნელი ჰყავთ – თემურ ქეცბაია. მატჩის წინ კი, ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ორივე გუნდის თავკაცმა ისაუბრა.
„ტაილანდთან მატჩის დასაწყისი და პირველი ტაიმი კარგი იყო. თუმცა, კვიპროსთან თამაში სხვანაირი იქნება, რადგან მეტოქე საშუალო ევროპული გუნდია. მინდა ჩემმა გუნდმა ისეთივე ინტენსივობით ითამაშოს, როგორც ტაილანდთან. თამაშით კმაყოფილნი დარჩნენ ფეხბურთელებიც და ის თავდაჯერება, რომელიც შეიძინეს, ძალიან წაგვადგება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოედანზე თავდაჯერებულები გავიდეთ და მეტოქე არ დავაფასოთ.
… დღეს გუნდებს შორის სხვაობა შემცირებულია. შესაბამისად, რთული მატჩი გვექნება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მეტოქე გუნდის მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა, არამედ იმიტომ, რომ ძალიან სჭირდება ქულები. კვიპროსთან სტუმრად გაგვიჭირდა, მაგრამ იქ კარგად დავიწყეთ. იმედია, შინ კიდევ უფრო უკეთესად ვითამაშებთ.
…კვიპროსი დაცვით ფეხბურთს თამაშობს და ნორვეგიასთან ეს 60 წუთი კარგადაც გამოუვიდა. ჩვენს მომენტებს მოთმინებით უნდა დაველოდოთ და გამოვიყენოთ.
… ტაილანდთან იყო შეცდომები. სავარაუდოდ, მოდუნების ფაქტორიც იყო, რადგან დიდი ანგარიშით ვიგებდით. მესმის რომ სხვა უკეთესი გუნდები ასეთ შანსს გამოიყენებენ. ვფიქრობ, იმავეს გრძნობენ ფეხბურთელებიც და შეცდომებს არ გაიმეორებენ.
…კაპიტანს რაც შეეხება, არ მიყვარს მეკარის კაპიტნად დაყენება, რადგან მოედანზე მსაჯთან კომუნიკაცია საჭიროა, რაც მეკარეს გაუჭირდება. ამიტომ დავაყენე კვირკველია.
… შენგელია გუნდში სხვა პოზიციაზე თამაშობს, მაგრამ ჩვენ სხვა საფეხბურთო სისტემა გვაქვს და სადაც დაგვჭირდა, იქ გამოვიყენეთ. მან კარგად წარმოაჩინა თავი და ამ პოზიციაზე ირაკლი აზაროვს კონკურენციას გაუწევს. ლევან კუტალია? ვაკვირდები მის თამაშს სომხეთში. ბევრი გოლიც გააქვს. თუმცა, ახლა მეც მექნება კონტრ-შეკითხვა – ვინ ამოვაგდო? შეკრებაზე 40 ფეხბურთელს ვერ გამოვიძახებ. თუმცა, კიდევ ვიმეორებ – ნაკრების კარი არავისთვის არ არის დაკეტილი“, – ეს ვილი სანიოლის სიტყვებია.
ევროშესარჩევში საკუთარი გუნდის თამაშით უკმაყოფილოა საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელი და მწვრთნელი თემურ ქეცბაია.
„ვიდრე ჯგუფური ეტაპი დაიწყებოდა, ვიცოდით რა სირთულეების წინაშე ვიყავით და ეს გამოჩნდა. უკვე ექვსი მატჩი ჩავატარეთ და ქულა არ აგვიღია. ხვალ ვეთამაშებით საქართველოს ნაკრებს, რომელიც კარგი გუნდია. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.
… მატჩისთვის ჩვეულებრივად ვემზადებით. ამ შესარჩევში ერთადერთი ახლოს ქულასთან სწორედ საქართველოსთან ვიყავით და, იმედი მაქვს, პირველ ქულებს ახლა მაინც ავიღებთ.
…თავიდანვე არ მინდოდა, რომ ჩვენი გუნდები ერთ ჯგუფში მოხვედრილიყვნენ, რადგან თითქმის მთელი ცხოვრება როგორც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა და მწვრთნელმა გავატარე და, რა თქმა უნდა, ჩემთვის რთული იქნებოდა. თუმცა, ახლა კვიპროსის ნაკრების მწვრთნელი ვარ და ჩემი სამუშაო ეს არის.
…იმედი მაქვს, რომ ხვალ გულშემატკივარიც ბევრი მოვა და ორივე გუნდი კარგ თამაშს აჩვენებს. საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ფლეი ოფს მეორედ ითამაშებს, ეს კი დიდი მიღწევაა. სამწუხაროა, რომ პირველ მატჩს პანდემია დაემთხვა, ვერ დაესწრო მაყურებელი და, სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატის საგზური ვერ მოვიპოვეთ.
თუმცა, ახლა საქართველოს უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებსაც შეუძლიათ, რომ ისტორიაში პირველად მოხვდნენ ევროპის ჩემპიონატზე“, – თქვა ქეცბაიამ.
საქართველო-კვიპროს 15 ოქტომბერს, „მიხეილ მესხზე“ 17:00 საათზე დაიწყება.