გასულ ზაფხულს სატრანსფერო ბაზარი მრავალი ჭორითა მოლოდინით იყო სავსე. ერთ-ერთი გვარ-სახელი, რომელიც ესპანური fichajes.net-ის თანახმად მედიაში ყველაზე ხშირად ტრიალებდა გიორგი მამარდაშვილი გახლდათ. მართალია ქართველი მეკარე საბოლოოდ ესპანეთში დარჩა, მაგრამ მისი პროფილი კვლავაც საერთაშორისო რეზონანსს იწვევს, ხოლო მიუნხენის „ბაიერნი” ისევ რჩება კლუბად, რომელიც მისი შეძენით არის დაინტერესებული.
მამარდაშვილმა 23 წლის ასაკში დაამტკიცა, რომ თაობის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეკარეა. მისი თამაშის დონე და განვითარების ტემპი გახლდათ მიზეზი, რომლის გამოც „ბაიერნმა” გადაწყვიტა ის მიზანში ამოეღო და მისი გადაბირება პრიორიტეტად დაესახა.
მართალია „რეკორდმაისტერში” კლუბისა და გერმანული ფეხბურთის ლეგენდა მანუელ ნოიერი თამაშობს, მაგრამ ის უკვე 37 წლის არის, თან ტრავმირებულია და სავარაუდოდ უახლოვდება იმ დღეს, როდესაც ფეხბურთის თამაშს თავს დაანებებს. ამიტომაც ეძებს „ბაიერნი” მეკარეს, რომელიც ნოიერს შეცვლის და თან დიდი ხნით. რასაკვირველია, ის უნდა შეესაბამებოდეს მაღალ სტანდარტებს, რომელიც „ალიანც არენაზე” ნოიერმა დაამკვიდრა.
„ბაიერნს” ხელს ის უშლის, რომ მამარდაშვილით მთელს ევროპაში დაინტერესდნენ და თუ გერმანულ კლუბს მისი გადაბირება უნდა, ჯიბეზე ხელი უნდა გაიკრას. მართალია, ტრანსფერმარკტის დაანგარიშებით ქართველი მეკარის სატრანსფერო ფასი 25 მილიონი ევროა, მაგრამ „ვალენსიამ” მის გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი დაასახელა.
„ბაიერნი” ცდილობს ვალენსიელები უფრო მისაღებ ფასზე დაიყოლიოს, მაგრამ „ღამურების” სინგაპურელ მეპატრონეებს დათმობაზე წამსვლელებისა არაფერი ეტყობათ. მამარდაშვილის გარშემო შექმნილმა ვითარებამ სატრანსფერო საქმეებით დაინტერესებული მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. fichajes.net წერს, რომ ამჟამად არავინ იცის როგორ დამთავრდება ეს ისტორია, მაგრამ ფაქტია, რომ „ვალენსიას” გოლკიპერი „ბაიერნის” ყურადღების ცენტრშია და მანამდე დარჩება, სანამ გერმანული კლუბი ნოიერის შემცვლელს არ იპოვის.