„ბოლონიას” მწვრთნელმა ტიაგო მოტამ გასულ ზაფხულს „ნაპოლის” სათავეში ჩადგომაზე უარი თქვა. „გაძეტა დელო სპორტის” დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა სტატია, რომელსაც ხელს ჟურნალისტი მაურიციო ნიკიტა აწერს. ის სვამს კითხვას: „არავის უნდა გახდეს „ნაპოლის” თავკაცი. რატომ?” თუ გავითვალისწინებთ, რომ ორიოდ დღის წინ ნეაპოლელთა პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ანტონიო კონტემაც უარით გაისტუმრა, შეიძლება ვთქვათ, რომ ნიკიტას დასმული კითხვა აქტუალურია. კონტემ მიზეზად ოჯახთან ყოფნისა და დასვენების სურვილი დაასახელა.
„გაძეტას” სტატიაში ვკითხულობთ: „როგორც ამბობენ, ლუჩანო სპალეტის შემცვლელის ძიების დროს აურელიო დე ლაურენტისი ტიაგო მოტას შეხვდა. ამ შეხვედრის დროს მოტამ „აძურის” მეპატრონეს ჰკითხა, თუ ვინ იქნებოდა სპორტული დირექტორი. „ნაპოლის” პატრონმა უპასუხა: „მე აქ არ ვარ? განა ეს საკმარისი არ არის?” ასეთი პასუხის მოსმენამ „ბარსელონას” ყოფილ ნახევარმცველს ცივად გადააწყვეტინა „ბოლონიაში” დარჩენა”.
შემდეგ ნიკიტა იხსენებს, რომ ზაფხულში დე ლაურენტისს ლუის ენრიკემაც უარი უთხრა, ამდენ არას კი შეუძლებელია რაღაც მიზეზი არ ჰქონდეს. ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ხსენებულ მიზეზს თავად დე ლაურენტისი უნდა ხვდებოდეს.