ანტონიო კონტე „ნაპოლის” ახალი მწვრთნელი არ იქნება. როგორც იტალიურ ფეხბურთში კარგად ჩახედული ექსპერტი ფაბრიციო რომანო ამბობს, გუშინ კონტესა და კლუბის მეპატრონეს აურელიო დე ლაურენტისს შორის ხანგრძლივი საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც მხარეებმა საერთო ენა ვერ გამონახეს. ლეჩელმა მწვრთნელმა, რომელიც ბოლოს „ტოტენჰემ ჰოთსფურს” ედგა სათავეში, „პარტენოპეელთა” პრეზიდენტს უთხრა, რომ ამ ეტაპზე დასვენებას და სხვა შეთავაზებების ლოდინს ამჯობინებს. რომანო თავის X პროფაილში წერს:
„დღეს ანტონიო კონტეს უშუალოდ „ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან ჰქონდა ხანგრძლივი საუბარი, რომელიც პოზიტიური არ გამოდგა. იტალიის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა სხვა ვარიანტების დაცდა ამჯობინა”.
ამრიგად, იტალიის ჩემპიონის წვრთნას ფრანგი რუდი გარსია განაგრძობს. აქა-იქ დაიწერა, რომ კონტეს უარის შემდეგ დე ლაურენტისის მთავარი კანდიდატი ხორვატი იგორ ტუდორი გახდა.