ვილი სანიოლმა ტაილანდთან ხვალინდელი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ამხანაგურ შეხვედრამდე გუნდის მზადებაზე ისაუბრა.
…ტაილანდთან ბევრ მოთამაშეს მივცემ შანსს, მაგალითად, შენგელიას, სიგუას და კიდევ სხვებს, ვისაც ბევრი სათამაშო დრო არ აქვთ. ბოლო დროს „ბაზელში“ სიგუა ფიზიკურად განვითარდა. ტაილანდთან ის სასტარტო შემადგენლობაში იქნება, მის მომავალს დიდი იმედით ვუყურებ. ეს ეხება არა მხოლოდ სიგუას, არამედ სხვებსაც, ვინც უფრო ძლიერ ევროპულ კლუბში გადავიდა – მაგალითად, ალთუნაშვილს, ჩაკვეტაძეს…
…სანდრო კალანდაძის დებიუტი და ნაკრებში ინტეგრაცია ადვილად მოხერხდა. ნორვეგიასთან მისი თამაშით კმაყოფილი დავრჩი, რადგან დისციპლინა და საუკეთესო თვისებები გამოავლინა.
…ალბათ, დამეთანხმებით, რომ ბოლო სამ წელიწადში ნაკრების კარი ბევრ ახალ მოთამაშეს გავუღე. მომავალშიც ასე იქნება, თუ ვინმე თავს გამოიჩენს.
…მეკარე? გუნდში ამ მხრივ კარგად ჩამოყალიბებული იერარქია გვაქვს, პირველი მეკარე მამარდაშვილია, შემდეგ ლორია და ბოლოს გუგეშაშვილი. ტაილანდთან თამაშს ლორია დაიწყებს, ის დიდი ხანი იყო ნაკრების პირველი მეკარე და მესმის, რომ მისთვის რთულია, მაგრამ კარგად ვარჯიშობს.
… ამ მატჩს კვიპროსთან მომზადების ნაწილად განვიხილავთ. მეტოქე ტექნიკურად ჩვენზე ნაკლები გუნდი არ არის, მათ მაღალი პრესინგით უნდა ვეთამაშოთ, რომ თავისი შესაძლებლობები ვერ გამოავლინოს“, – თქვა ვილი სანიოლმა.