Aurelio De Laurentiis President of SSC Napoli looks on prior to the Pre-season Friendly match between SSC Napoli and Girona Futbol Club at Stadio...რუდი გარსია აურელიო დე ლაურენტისის ეპოქის მეათე მწვრთნელია. მას მერე, რაც 2004 წელს გაკოტრებული და სერია C1-ში გავარდნილი „ნაპოლი” იყიდა, ცნობილი კინოპროდიუსერის დინო დე ლაურენტისის (მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მისი 500 ფილმიდან 38 ოსკარზე იყო წარდგენილი) თავადაც კინოპროდიუსერმა ძმის შვილმა „პარტენოპეელებს” ათი თავკაცი მოარგო: ჯან პიერო ვენტურათი დაიწყო და ჯერჯერობით გარსიაზეა გაჩერებული, თუმცა ფრანგს წყალი შეუდგა. მას მძიმე მემკვიდრეობა ერგო: წინამორბედმა ლუჩანო სპალეტიმ ნეაპოლელებს დიეგო მარადონას ეპოქის შემდეგ პირველი სკუდეტო მოაპოვებინა და გარსიას ეს დიდი ტიტული აქვს შესანარჩუნებელი.

„ილ მატინო” წერს, რომ დელა ან ADL (დე ლაურენტისს ასე მოიხსენიებენ ხოლმე) მწვრთნელიჭამია ნამდვილად არ არის. ცხრამეტწლიანი პრეზიდენტობის პერიოდში დე ლაურენტისმა მხოლოდ ოთხჯერ მოხსნა მწვრთნელი სეზონის მსვლელობისას. პირველი იყო ვენტურა, რომელიც ედი რეიამ შეცვალა, რომელსაც იგივე ბედი ეწია. შემდეგი გახლდათ რობერტო დონადონი, რომელმაც „აძურის” თავკაცობა რეიასგან ჩაიბარა. მომდევნო სეზონში, შვიდი ტურის შემდეგ მის მაგივრად ვალტერ მაძარი მივიდა.

ამის მერე „ნაპოლის” წვრთნიდნენ რაფა ბენიტესი და მაურიციო სარი. სარის შემდეგ კი გუნდი კალო ანჩელოტიმ ჩაიბარა და ის 2019 წლის 10 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგაში „გენკთან” 4:0 გამარჯვების შემდეგ შეცვალეს. მართალია, „პარტენოპეელები” ბელგიური კლუბის ძლევით ევროპის უმსხვილესი შეჯიბრების ფლეი-ოფის ეტაპზე გავიდნენ, მაგრამ სერია A-ში არ ჰქონდათ საქმე სახარბიელოდ: 15 ტურის შემდეგ 21 ქულით გუნდი მე-7 ადგილზე იყო. და ანჩელოტი მისმა ყოფილმა ფეხბურთელმა ჯენარო გატუზომ შეცვალა.

მას მერე ADL-ს მწვრთნელი სეზონის მსვლელობისას არ შეუცვლია, მაგრამ, როგორც თავში მოგახსენეთ, ახლა ამ საშიშროების წინაშე გარსია დგას.