საფინალო სასტვენი. სკეპტიკური სახეები — ფეხბურთელებისა მოედანზე და გულშემატკივრისა ტრიბუნებზე. „ფიორენტინასთან” „ნაპოლის” მარცხის სურათებმა მწარე გემო დატოვა. ის რაც „მარადონაზე” მოხდა უბედურ შემთხვევას არ ჰგავდა: შეხვედრები „უდინეზესა” და „ლეჩესთან” და კარგი თამაში „რეალთან” გადაიხაზა. ის გააბათილა მორიგმა მალე დასავიწყებელმა შეხვედრამ, რომელიც ძალიან ცუდად რუდი გარსიას გადაწყვეტილებების გამოც დასრულდა: მორიგი მოუთმენლობა მატეო პოლიტანოს შეცვლისას (გაუგებარი იყო მის მაგივრად იენს კაიუსტეს შეშვება და ჯაკომო რასპადორის მარჯვენა ფრთაზე გადაწევა); მოულოდნელი იყო ვიქტორ ოსიმენის მორიგი შეცვლა (1:2-ზე, როდესაც თამაშის დამთავრებამდე 13 წუთი რჩებოდა); უცნაური იყო კვარას მარჯვნივ, ხოლო იესპერ ლინდსტრომის მარცხნივ გადაყვანა; აგრეთვე ელიფ ელმასის იგნორირება და შეხვედრის დასრულება ნახევარდაცვის ცენტრში ჯანლუკა გაეტანოსა და კაიუსტეს წყვილით. იტალიის ჩემპიონს ასეთი დაბნეულობა არ ეკადრებოდა.

ვინჩენცო იტალიანომ კი ნეაპოლში ექვსი თამაშიდან მეოთხე მოიგო და გარსიას ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა. „ფიორენტინა” მეტოქეს სჯობდა თამაშის ორგანიზაციით, მტკიცე ხასიათითა და მკაფიო იდეით. ის ეფექტურად ავიწროებდა მასპინძლებს და „ნაპოლის” მანევრებს სიმწვავეს აკარგინებდა. ფლორენციელები თავიანთ თამაშს ხარისხიანად აწყობდნენ: არანაირი ბუნდოვანება, საუცხოო დრიბლინგი, ხაზებს შორის სივრცეების ჩინებული გამოყენება. ჯაკომო ბონავენტურასა და მისი თანაგუნდელების დაუძაბავი ფეხბურთის წინაშე „აძური” უსუსურად გამოიყურებოდა. სტანისლავ ლობოტკას წინ არტური დიდ ფიგურად ჩანდა, მაიკლ კაიოდემ კვარას წინაღმდეგ თამაშით მოახდინა დიდებული შთაბეჭდილება, ლუკას მარტინეს კვარტამ კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თავისი ფუნქცია ძალიან თანამედროვედ აქვს გაზრებული: რასაკვირველია მცველია, მაგრამ შეტევაშიც ძალიან სახიფათოა. „იები” დამსახურებულად გადავიდნენ მესამე ადგილზე „ნაპოლი” კი სანაკრებო შესვენებას წარმოუდგენლად დაქვეითებული შეხვდა.

Corriere dello Sport