Alex Meret of Napoli scores an own goal and Real Madrid's third goal during the UEFA Champions League match between SSC Napoli and Real Madrid CF at...ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა „ნაპოლისა” და „რეალს” შორის (2:3) სხვადასხვა ეპიზოდის გარდა მადრიდელთა მესამე გოლითაც იყო საინტერესო. ფედე ვალვერდეს დარტყმული ბურთი ოდნავ შეცვლილი ტრაექტორიით ჯერ ხარიხას, შემდეგ კი ნეაპოლელთა მეკარის ალექს მერეტის ზურგს მოხვდა და კარში შევიდა. ამ გოლზე ლაპარაკი იტალიაში ჯერაც არ შეუწყვეტიათ. ესპანური პორტალი El Chiringuito TV წერს, რომ 25 წლის ურუგვაელის დარტყმას ანალიზი ჩაუტარეს და დაადგინეს, რომ ბურთის მაქსიმალური სისწრაფე იყო 95,94 კილომეტრი საათში. და მაინც „ნაპოლის” უდინელ მეკარეს გოლის გაშვებისთვის აკრიტიკებენ.

რადიო „პუნტო ნუოვომ” ეპიზოდის შეფასება მეკარეთა ყოფილ მწვრთნელს, „ნაპოლიში” ნამუშევარ 61 წლის ლუჩანო ტარალოს სთხოვა. ტარალომ უპასუხა:

„მერეტს უცოდინარი ხალხი აკრიტიკებს. ვალვერდეს დარტყმის მოგერიებას რთული რეაქცია სჭირდებოდა. ასე, სახლში, დივანზე ჯდომისა და პასტიერას ჭამის დროს ყველანი ძლიერები ვართ. რეაქციის თვალსაზრისით მერეტი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. იქნებ ვინმეს ონანა ერჩივნა, რომელიც 50 მილიონი ღირდა და რომელსაც „მანჩესტერ იუნაიტედმა” უკვე მიუთითა კარისკენ. ან იქნებ ვინმეს კეპა სჭირდებოდა, რომელმაც „ნაპოლისთან” შეხვედრა გაწბილებულმა დატოვა. ნახავთ, როდესაც მერეტი „ნაპოლიდან” წავა, ყველას გული დაგვწყდება”.