„ნაპოლისა” და „რეალის” ჩემპიონთალიგური შეხვედრის 51-ე წუთზე, როდესაც ანგარიში იყო 1:2, მადრიდელთა საჯარიმოში ვიქტორ ოსიმენთან ორთაბრძოლის დროს ნაჩო ფერნანდესმა თითქოს ხელით ითამაშა. ფრანგმა მსაჯმა კლემენ ტურპენმა თამაშის გაგრძელება ანიშნა, მაგრამ იქვე გააჩერა ფეხბურთელები. როგორც ჩანს, არბიტრს VAR-ის ოთახიდან უთხრეს, რომ ეპიზოდს შემოწმება სჭირდებოდა. ერთი ხნის შემდეგ ტურპენი თავად გაეშურა მონიტორისკენ, ეპიზოდი განმეორებით ნახა და „რეალის” კარში პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი „ნაპოლის” პოლონელმა ნახევარმცველმა პიოტრ ჟელინსკიმ დაარტყა. ბურთი მეკარისგან მარჯვენა ძელს მოხვდა და კარში შევარდა.
„ეს პენალტი არ იყო, — თქვა მატჩის დამთავრების შემდეგ სტუმრების თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ, — ნაჩოს ხელში ასხლეტილი ბურთი მოხვდა, ადამიანს კი ხელს ვერ მოაჭრი. წესის თანახმად რიკოშეტის დროს პენალტი არ ინიშნება”.
„აძურის” თავკაცმა რუდი გარსიამ კი თქვა, რომ მეორე ტაიმში იყო ორი ეპიზოდი: ერთი, როდესაც მისი გუნდის სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა და მეორე, როდესაც ანტონიო რუდიგერმა მატიას ოლივერა წააქცია და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. ამდენად, ჩემი აზრით საქმე ბათილად არისო, თქვა ფრანგმა და მერე დასძინა: „ანჩელოტი პენალტზე ლაპარაკობს, მაგრამ ჯობს მსაჯობაზე არაფერი ვთქვათ, რადგან მაშინ ჩვენ მესამე გოლზე ვიტყვით. „რეალს” კუთხური საერთოდ არ უნდა ჩაეწოდებინა”.
„რეალის” კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანის თემას სხვებიც გამოეხმაურნენ. ასე მაგალითად, ცნობილმა იტალიელმა მცველმა, 39 წლის ჯორჯო კიელინიმ, რომელიც ახლა „ლოს ანჯელესში” თამაშობს, ხოლო კარიერის უდიდესი ნაწილი „იუვენტუსში” გაატარა, თქვა: „ბევრი უარესი პენალტიც მინახავს, მაგრამ მე, როგორც მცველი, ვიტყვი, რომ მსაჯმა აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო. აშკარად გამოჩნდა, რომ ბურთი მცველს ჯერ ფეხში მოხვდა და ხელისკენ იქიდან აისხლიტა. იმ ეპოქასთან შედარებით, როდესაც მე ფეხბურთის თამაში დავიწყე, დღეს ბევრი რამ შეცვლილია. ახლა შეიძლება სულ მცირე მიზეზს მოეჭიდონ და პენალტით დაგაჯარიმონ. ამისთვის მზად უნდა იყო”.
სხვა აზრისა გახლდათ არგენტინელი ვეტერანი ესტებან კამბიასო, რომელმაც „რეალში” ორი, ხოლო „ინტერში” ათი წელი ითამაშა. მან თქვა, რომ თერთმეტმეტრიანი, რომელიც „ნაპოლიმ” დაარტყა სამართლიანად დაინიშნა.
ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი, „რეალის” ყოფილი თავკაცი ფაბიო კაპელო კი ამბობს: „ნიონში ბოლო შეკრების დროს ყველანი შევთანხმდით, რომ ასეთი ეპიზოდების გამო პენალტი არ უნდა დაინიშნოს. მსაჯის გადაწყვეტილებამ ძალიან გამაკვირვა”.