Khvicha Kvaratskhelia and Victor Osimhen of SSC Napoli during the Serie A TIM match between SSC Napoli and Udinese Calcio at Stadio Diego Armando...სატრანსფერო ბაზრის გახსნამდე ჯერ კიდევ შორს არის, მაგრამ „ნაპოლის” საუკეთესო ფეხბურთელები უკვე ევროპული ტოპ-კლუბების, მათ შორის „რეალის” ყურადღების ცენტრში არიან. „აძურის” ბოლო წარმატებებმა თავის მხრივ კამპანიელი გულშემატკივარ გამოაცოცხლა. მას მერე, რაც მწვრთნელ რუდი გარსიას ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენთან ჰქონდა გაუგებრობები (რასაც კლუბის ტიკ-ტოკზე ნიგერიელის დამცინავი ვიდეოც დაემატა), გუნდმა თვალში გამოიხედა და თითქოს ყველაფერი ახლიდან დაიწყო. გაჩნდა იმედი, რომ „პარტენოპეელები” ძველებურად შეუტევენ დიდ მიზნებს, მაგრამ spazionapoli-ის თქმით ამისათვის ფუნდამენტური  მნიშვნელობა სწორედ იმ ორ ფეხბურთელს აქვს, რომლებიც ზემოთ დავასახელეთ.

პორტალი წერს, რომ ნეაპოლურ გუნდს გასულ სეზონში სკუდეტო სერია A-ს საუკეთესო წყვილმა მოაგებინა. ამ დონის ორი მოთამაშის ყოლა წარმატების მოსაპოვებლად უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთმა მათგანმა აურელიო დე ლაურენტისის გუნდი შეიძლება დატოვოს.

spazionapoli ამბობს, რომ „ნაპოლის” სავარაუდოდ უფრო ოსიმენი დატოვებს, ვიდრე კვარა. საქმე ის არის, რომ მის კონტრაქტს ვადა მხოლოდ 2025 წლის 30 ივნისამდე აქვს, ახალი ხელშეკრულების გაფორმებას კი არა და არ დაადგა საშველი. თავის მხრივ, ინგლისური ჟურნალი Four Four Two წერს, რომ „ნაპოლის” ყოფილ მწვრთნელს, „რეალის” თავკაც კარლო ანჩელოტის ნიგერიელი თავდამსხმელი ძალიან მოსწონს და სიამოვნებით ისმენს „ნაპოლის” თავკაცთან მისი კონფლიქტის ამბებს.

იმაში, რომ „ლოს ბლანკოსი” ცენტრალურ თავდამსხმელს ეძებს, გასაკვირი არაფერია. ქარიმ ბენზემას საუდის არაბეთში წასვლის შემდეგ, გუნდს ამ პოზიციაზე მსოფლიო დონის ვარსკვლავი არ ჰყავს, კვარას ფლანგზე კი ვინისიუსია და ამ ფრთის მოთამაშეში მილიონების ხარჯვას აზრი არ აქვს.

საუდელების მხრიდან ყურადღება არც ოსიმენს აკლია. გასულ ზაფხულს მას უკვე სთავაზობდნენ არაბეთის ნახევარკუნძულზე გადასახლებას, მაგრამ დე ლაურენტისმა რაღაცნაირად მოახერხა ფორვარდის დატოვება. თავისას ცდილობს „ჩელსიც”, მაგრამ დასავლეთ ლონდონელებს სავარაუდოდ იმდენი ფული არ აქვს, რამდენიც „რეალსა” და არაბებს. აი, „ნაპოლი” კი ახალი კონტრაქტის გაფორმებას ჯერჯერობით აჭიანურებს.