არგენტინაში, „ბოკა ხუნიორსისა” და „რივერ პლეიტის” დაპირისპირება უბრალოდ თამაში არასდროს ყოფილა. ბუენოს აირესის ამ ორი გუნდის ქიშპობა 1913 წლიდან იღებს სათავეს. მას სუპერკლასიკო ჰქვია. დაპირისპირებას სოციალური საფუძველი აქვს. „ბოკა” იმთავითვე მუშათა კლასის საყვარელი გუნდი გახდა, ხოლო „რივერს” ყოველთვის უფრო მაღალი საზოგადოება უჭერდა მხარს. განა მარტო ბუენოს აირესის მოსახლეობას, „სუპერკლასიკო” მთელს არგენტინას ყოფს ორ ნაწილად. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 70 პროცენტისთვის სუპერკლასიკო ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრისთვის ცხოვრების გუნდი ამ ორიდან ერთ-ერთია, თავისი ქალაქის ან რეგიონის კლუბი კი მეორე ადგილზე ჰყავს.

კვირას, „ბოკა ხუნიორსის” სტადიონ „ლა ბომბონერაზე” 260-ე დერბი გაიმართება. საინტერესოა, რომ ეს იქნება ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” ყოფილი ფეხბურთელისა და „ვალენსიაში” გიორგი მამარდაშვილის შარშანდელი თანაგუნდელის ურუგვაელი ედინსონ კავანის პირველი სუპერკლასიკო, რომელსაც, როგორც ირკვევა, ახალი დაძაბულობა შეემატა. საქმე ის არის, რომ მატჩის მსაჯად დანიშნეს ანდრეს მერლოსი, რომელიც ქალაქ ტანდილიდან არის. ტანდილი პატარა ქალაქია, 100 ათასზე ოდნავ დიდი მოსახლეობით. ის ბუენოს აირესის პროვინციაში მდებარეობს და მისი მოსახლეობა ისევე, როგორც ქვეყნის უფრო შორეული ქალაქები „ბოკას” და „რივერის” გულშემატკივრებად იყოფა.

აქამდე უჩვეულო არაფერი გვითქვამს. მთავარს ახლა მოგახსენებთ: მატჩის წინა ვნებათაღელვა იმან გააძლიერა, რომ სოციალურ ქსელებში მოულოდნელად გამოჩნდა ფოტოები, რომლებზეც ახალგაზრდა მერლოსს ხელში „რივერის” დროშა უჭირავს. ეს ფოტოები მყისიერად მოედო მთელს არგენტინას. გაბრაზებულმა „ბოკას” ფანებმა ინტერნეტი კომენტარებით ჩაძირეს.

მართლა ნიშნავს რამეს მერლოსის ახალგაზრდობის ფოტოები თუ შემთხვევითობაა, კვირა საღამოს, ბუენოს აირესის დროით 19 საქართველოს დროით კი ორშაბათiს ღამის 2 საათიდან გამოჩნდება.