ეს იმ შემთხვევათაგანია, როცა დამარცხებულების გასაკრიტიკებლად ენა ვერავის მოუბრუნდება. აბა, როგორ შეიძლება აუგის თქმა გუნდზე, რომელმაც ობიექტურად რამდენადმე ძლიერ მეტოქეს თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ამარცხებს, თამაშის დასაწყისშივე ორ მორაგბეს ტრავმის გამო კარგავს, მერე მათ სხვებიც ემატებიან, და გუნდი მაინც იბრძვის, ომობს, ბიჭები თავგანწირვით იცავენ თავს და შეტევებშიც მრისხანედ გამოიყურებიან, მაგრამ თამაშის ბოლო მეოთხედს დათმობენ და თამაშს ბოლო შეტევაშიღა წააგებენ…
12:17 – ასეთი ანგარიშით დამარცხდა საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „მფრინავ ფიჯელებთან“ უდრამატულეს და უმძიმეს დაპირისპირებაში. ამ თამაშის პერიპეტიების მოყოლა არაფრისმთქმელი იქნება, რადგან სიტყვებით აბსოლუტურად შეუძლებელია იმ მაღალი ძაბვის გადმოცემა, რომელიც „სტად დე ბორდოზე“ სრული 80 წუთის განმავლობაში სუფევდა.
ისეთი შეგრძნება იყო, რომ დამუხტული იყო არა მხოლოდ მოედანზე მყოფი 30-ვე მოთამაშე, არამედ მწვანე მინდორიც, ბურთიც და ჰაერიც კი. პირველივე წამებიდან ცხადი გახდა, რომ ქართველები არაფრის დათმობას აპირებდნენ და ბორჯღალოსნები ისე ჭკვიანურად თამაშობდნენ, რომ ფიჯელები ანერვიულდნენ, მათი ანერვიულება კი მათთვისვე ცუდის მომასწავებელია. როცა ეს გუნდი სწორი ტაქტიკით, დისციპლინირებულად მოთამაშე მეტოქეს ხვდება, რომელიც მათ სივრცეებს უკეტავს, კუნძულელები ირევიან, იბნევიან, შეცდომებს უხშირებენ და ა.შ..
სწორედ ასეთი სურათი იყო ბორდოს სტადიონზე პირველ ტაიმში. გარდა ამისა გამოჩნდა, რომ ლევან მაისაშვილმა სწორი ტაქტიკური გადაადგილებები განახორციელა და დავით ნინიაშვილი ფლანგზე ერთი ათად სასარეგბლო აღმოჩნდა და ფიჯელების დაცვაზე მთავარი დაწოლა სწორედ მისი, მარცხენა ფრთიდან ხდებოდა.
პირველი ნახევარი ქართველებმა 9:0 მოიგეს – ლუკა მატკავას ერთ იოლ ჯარიმას ნინიაშვილმა ორი ურთულესი შორეული ზუსტი დარტყმა დაურთო.
მეორე ნახევრის დასაწყისში კი ფიჯელთა სუპერვარსკვლავმა სემი რადრადრამ აკა ტაბუცაძისკენ მიმავალ ბურთს მიმართულება შეუცვალა და ამისთვის სინბინში აღმოჩნდა. ქართველებმა მაგრად შეუტიეს და ლელოს შანსი გააფუჭეს, ხოლო როცა რადრადრა უკვე დასაბრუნებლად მოედნის კიდეზე იდგა, ფიჯელებს პირველი გააზრებული შეტევა გამოუვიდათ, რომელიც კაპიტანმა ნაიაკალევუმ ლელოდ აქცია, ხოლო შეცვლაზე ახალშესულმა ლომანიმ უნაკლოდ გარდასახა.
ამ მომენტიდან მოყოლებული კი ინიციატივამ კუნძულელებისკენ გადაგადაინაცვლა. ფიჯური მანქანა ამუშავდა მთელი ძალით, ქართველები კი ერთი მეორის მიყოლებით ტვინის შერყევასა და სხვა სახის დაზიანებებს იღებდნენ. ასეთ ვითარებაში ტექნიკური შეცდომები გახშირდა და დისციპლინამაც შესაბამისად დაიწია. ყოველივეს წესების დარღვევა ფიჯელთათვის ხელსაყრელ ადგილას მოჰყვა და ლომანიმ 66-ე წუთზე პირველად დააწინაურა თავისი გუნდი – 10:9.
რამდენიმე წუთში კი ჰაბოსიმ კიდევ ერთხელ დაამიწა ბურთი ქართულ ლელოში, ლომანიმ კვლავ ზუსტად დაარტყა და ანგარიში 17:9 გახდა. დასაკარგი აღარაფერი რჩებოდა და ამ გოლიათებთან უთანასწორო ჭიდილში დალეწილ-დაქანცულმა ქართველებმა ძალები მაინც მოიკრიბეს. ფიჯელთა მეორე სუპერვარსკვლავმა ჯოსუა ტუისოვამ მირიან მოდებაძე კისერში შებოჭა და ყვითელი ბარათი მიიღო, სულ მალე ლუკა მატკავამ ზუსტად დაარტყა საჯარიმო და ბონუსის ზონაში შეიყვანა ქართული გუნდი. ეს ყოველივე უკვე გაწითლებულ დროში მოხდა.
ფიჯელებმა ცენტრიდან დაიწყეს, ქართველებმა ბრძოლაში ბურთი მიიღეს, თამაში აირია და ბოლო შეტევაში გაქცეულმა ნინიაშვილმა ბურთი ფეხით წინ გაუშვა, ლელოში, მისკენ ლუკა მატკავა გაიქცა, მაგრამ მას მცველმა სანტიმეტრებით აჯობა და არაადამიანურ ნახტომში ბურთი ფეხით გადააგდო. ეს მატჩის დასასრულს ნიშნავდა – 17:12, ფიჯიმ 4 ქულა მიიღო, საქართველომ – 1. მესამე ადგილზე ბირჯღალოსნებს აწი სასწაული თუ გაიყვანს, მაგრამ არც ამას აქვს დიდი მნიშვნელობა იმ ემოციის ფონზე, რომელიც ამ საოცარ მატჩს მთელი თამაშის განმავლობაში ახლდა.
ძალიან დასანანი მარცხია, მაგრამ მაინც მადლობა ქართველ მორაგბეებს ამ თამაშისთვის. თამაშის მერე რაგბისთვის მეტად უცნაური სურათი ვიხილეთ – ორივე გუნდის მოთამაშეები ბრძოლის ველზე დაცემული მეომრებივით ეყარნენ. ქართველებმა და ფიჯელებმა ამ ბრძოლას ყველაფერი შეალიეს…