აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.შაბათს, 19:45 საათზე ბორჯღალოსნები გადამწყვეტ ბრძოლაში ჩაებმებიან. „სტად დე ბორდოზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე ფიჯი იქნება, რომელმაც პირველ ტურში უელსთან დასანანი მარცხის შემდეგ ავსტრალიის ნაკრები დაამარცხა.

მსოფლიო თასზე იოლი მეტოქე რომ არ არსებობს, ეს გასულ შაბათსაც დადასტურდა, როცა ლევან მაისაშვილის რაზმმა პორტუგალიელებთან შეხვედრაში სენსაციური შედეგი დააფიქსირა. 18:18 და წაგებასთან მილიმეტრებში გავლა, რასაკვირველია, უარყოფითი შედეგია და ქართველთა უსაყვარლეს გუნდს კრიტიკის ტალღაც ერგო, თუმცა, მორაგბეები განსხვავებული თემია, მათ წარუმატებლობა აძლიერებთ და წინასწარ ვერავინ იტყვის, თუ რა მოხდება ფიჯელებთან უთუოდ უმძიმეს ჯახში.

ფიჯელებმა  რამდენიმე ლიდერი კი დაასვენს, მაგრამ მთავარი ვარსკვლავები – სემი რადრადრა, ჯოსუა ტუისოვა და ვაისეა ნაიაცალევუ სასტარტო შემადგენლობაში მაინც არიან და მათი შეჩერება, როგორც უკვე ვნახეთ, ავსტრალიამ ვერ შეძლო და უელსიც ბეწვზე იყო მარცხთან…

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.აი, ჩვენს გუნდში კი მრავალი სიახლეა. ტურნირზე თავის პირველ მატჩს ერთბაშად 4 მორაგბე ჩაატარებს, მათ შორის ერთი – ირაკლი აფციაურია, 20 წლის ბურჯი „გრენობლიდან“ საგანგებო წესით გამოიძახეს. მან ეროვნულ გუნდთან ერთად მომზადება თავიდან ბოლომდე გაიარა, მაგრამ სატურნირო განაცხადში ვერ მოხვდა. ამ რამდენიმე დღის წინ კი გაირკვა, რომ მონპელიელი ლუკა ჯაფარიძე ხერხემლის ძველი დაზიანების გამიზეზების გამო თამაშს ვერ შეძლებდა და „მსოფლიო რაგბის“ წესების თანახმად, ასეთ შემთხვევაში დაშვებულია მოთამაშის ჩანაცვლება. ჰოდა, 20-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშეს სანაკრებო დებიუტი ფიჯისთან საპასუხისმგებლო მატჩშივე ექნება. აფციაური მარქაფაშია და მასთან ერთად შეცვლაზე კიდევ ერთი ყოფილი 20-წლამდელი შევა – შუამარბი თორნიკე კახოიძე. ტურნირზე პირველად და ასევე მარქაფიდან ახალგაზრდა კვაჭი ლუკა ნიორაძეც ითამაშებს, ხოლო ძალიან გამოცდილი მიხეილ გაჩეჩილაძე კარიერაში მსოფლიო თასზე თავის პირველ მატჩს გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.

ამ რგოლში, შერკინების მესამე ხაზში კი გუნდს უდიდესი დანაკლისი აქვს. ბექა გორგაძემ პორტუგალიელებთან შეხვედრაში კოჭი დაიშავა, თან ისე, რომ ტურნირის ბოლომდე ვეღარ მოიშუშებდა. ამიტომაც ახალი კაცის მოწვევა აქაც გახდა აუცილებელი. მონტობანელი ოთარ გიორგაძე გამოცდილი მორაგბეა და ნაკრებში უამრავი მატჩი აქვს ჩატარებული, თან მოსამზადებელი ციკლი ბორჯღალოსნებს შორის გაატარა, ამდენად არჩევანი მასზე შეჩერდა, თუმცა ოთია ფიჯისთან მატჩში შემადგენლობაში ვერ მოხვდა.

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.მცირე დაზიანება მერაბ შარიქაძემაც მიიღო და მიხეილ ნარიაშვილი ეროვნულ გუნდს კარიერაში მეექვსედ უკაპიტნებს.

და კიდევ: პირველ და მეორე მატჩში ფულბექის პოზიციაზე წარუმატებლად მოთამაშე დავით ნინიაშვილი გარემარბად დადგება. ეს ის პოზიციაა, რომელზეც ის თავის „ლიონში“ რეგულარულად თამაშობს და იმედია, თავის უდიდეს პოტენციალს დათუნა ნაკრებსაც დაატყობს. 15-ზე კი, ბოლო მცველად, მშვენიერ ფორმაში მყოფი მირიან მოდებაძე ითამაშებს.

რაც შეეხება ურთიერთშეხვედრების ისტორიას, 2012 წლიდან დღემდე ამ გუნდების გზები 6-ჯერ გადაკვეთილა. 4-ჯერ „მფრინავმა ფიჯელებმა“ იმარჯვეს, ერთხელ – ბოჯღალოსნებმა, სულ ბოლო დაპირისპირება კი, შარშანწინ ესპანურ არანხუესში ფრედ – 15:15 დასრულდა.

ფიჯი „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგში მე-8 ადგილზეა, საქართველო უკვე მე-14-ეზეა და თუ ბრჯღალოსნები ფიჯის დაამარცხებენ, ეს იქნება გიგანტური ნახტომი ქართველთათვის. მთავარია, ბიჭებმა დისციპლინა მაქსიმალურად დაიცვან და თავის შანსს დაელოდონ, რომელიც აუცილებლად და არაერთხელ მიეცემათ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

  1. მიხეილ ნარიაშვილი (კაპიტანი, შავი ლომი, 74 კეპი, 10 ქულა), 2. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი, 6, 5), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 38, 20), 4. ლაშა ჯაიანი (ნევერი, 20, 0), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (ბაიონი, 86, 15), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი, 21, 25), 7. ბექა საღინაძე (ლიონი,37, 15), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 26, 25), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 80, 78), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 12, 74), 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 26, 48), 12. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი, 50, 25), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 30, 10), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 33, 150), 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 26, 45).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი, 1, 0), 17. ნიკა აბულაძე (ექსეტერი, 13, 0), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი, 0, 0), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 50, 5), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 8, 5), 21. გელა აფრასიძე (ბაიონი, 50, 35), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 45, 343), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 3, 0).