„ნაპოლი” გამარჯვების გზას დაუბრუნდა. იტალიის ჩემპიონმა „უდინეზეს” ლამაზად და დამაჯერებლად მოუგო 4:1. სტუმრები იმ ხორცის საკეპ მანქანაში აღმოჩნდნენ, რომელმაც გასულ სეზონში „პარტენოპეელებს” სკუდეტო მოუტანა. კვლავ გამოიჩინა თავი ვიქტორ ოსიმენმა, ხვიჩა კვარაცხელიამ დიდი ხნის მონატრებული გოლი გაიტანა, პიოტრ ჟელინსკიმ პენალტი შეაგდო, ხოლო ჯოვანი სიმეონემ შარშანდელი ტრადიცია გააგრძელა და თავისი სიტყვა შეცვლაზე შესულმა თქვა.

როგორც საიტი areanapoli წერს, ეს კიდევ ყველაფერი არ არის: იესპერ ლინდსტრომი სიმეონეს მსგავსად შეცვლაზე შევიდა და ჩინებული ფეხბურთი გვაჩვენა; თანაგუნდელებს არ ჩამორჩა იენს კაიუსტი; ძველებურად ათამაშდნენ სტანისლავ ლობოტკა და ანდრე-მარკ ზამბო ანგისა; გუნდს კარგად შეეწყო ნატანი; ტრადიციულად ძლიერად მოქმედებდა კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო. გამარჯვებაში ყველამ თავისი წვლილი შეიტანა, მაგრამ გამოჩნდა ახალი საშიშროება: დიდი შანსია ამიერიდან „ნაპოლის” ცუდი თამაში რუდი გარსიას დააბრალონ, კარგი თამაში კი ლუჩანო სპალეტის დამსახურებად მიიჩნიონ.

ასეთი მიდგომა გულშემატკივართათვის ხაფანგია და areanapoli-ს აზრით ის სამართლიანი არ არის. პორტალი ფიქრობს, რომ მოსწონთ ის ქომაგებს  თუ არა, მისდამი პატივისცემა უნდა უნდა გამოამჟღავნონ. გარსიამ თქვა, რომ ფართე მხრები აქვს და კრიტიკას ყურს არ უგდებს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. areanapoli-ს რწმენით „ლურჯი საზოგადოება” ცალსახად მის მხარეს უნდა იყოს.