ვინაიდან იტალიური ფეხბურთი შედეგზეა დაფუძნებული, ბოლონიაში ვიქტორ ოსიმენის მიერ თამაშის დამთავრებამდე თხუთმეტიოდე წუთით ადრე პენალტის ვერ-გატანა დიდ შეცდომად ჩათვალეს. არადა, ყველას ვისაც აღმოაჩნდა კეთილი ნება წაეკითხა ჩემი წერილი კარგად მოეხსენება, რომ მე „ნაპოლის” თამაში პოზიტიურად აღვიქვი და მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებულ პატივს არ ვცემ, შედეგზე მთელი პასუხისმგებლობის რუდი გარსიასთვის დაკისრებას მოვერიდე. წუხელ, დამტკიცდა, რომ რასაც იმ დღეს ვამბობდი სიმართლე ყოფილა — „ნაპოლი” გამარჯვების გზას დაუბრუნდა („უდინეზესთან” 4:1). ერთი გოლი პენალტით გაიტანა პიოტრ ჟელინსკიმ, მეორე ვიქტორ ოსიმენმა, მესამე ხვიჩა კვარაცხელიამ (ქართველმა ორჯერ ძელსაც გაარტყა ბურთი), მეოთხე ჯოვანი სიმეონემ (კვარას პასით) და მარადონას ტრიბუნებზე შეკრებილ ხალხს მორიგი ჩემპიონობის იმედი ჩაესახა. გამოჩნდა, რომ ყველა ვინც „ნაპოლიზე” (ის ჩემი აბსოლუტური ფავორიტია) ხელი ჩაიქნია, ცდებოდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩვენ კვლავ ხედავდით გუნდს, რომელმაც შარშან ყველა მოაჯადოვა და რომელიც სპალეტის მონატრების გამო აქამდე უცნაურად იყო შებოჭილი.
გარსია სპალეტი არ არის და „ნაპოლიმ” სკუდეტო კვლავაც რომ მოიგოს სპალეტიდ მაინც ვერ გადაიქცევა, მაგრამ ის, რასაც ზოგიერთები წერენ, რომ მან ყველა ღონე იხმარა რათა ტოსკანელი მწვრთნელის აწყობილი იდეალური მანქანა დაეშალა, ტყუილია. ახლა ხომ გამოჩნდა, რა ზედაპირული მოწოდება იყო შესანიშნავი ცენტრალური მცველისთვის ნატანისთვის ნდობის არ-გამოცხადებასთან დაკავშირებით. მან ხომ ორ შეხვედრაში ნათლად გამოაჩინა, რომ საკუთარ თავში დარწმუნებულია და პოზიციის შეგრძნება აქვს. გეთანხმებით, ის კიმი ვერ გახდება, მაგრამ სანამ ვიტყოდეთ რომ „ნაპოლი” დასუსტდა, მისი თამაში ხომ უნდა ვნახოთ მაინც. თუმცა, მთავარი მიზეზი, რომლის გამოც „მარადონა” კვლავ ამღერდა გახლავთ ის, რომ გულშემატკივარმა დაინახა, როგორ ანადგურებს დიდი გუნდი მოკრძალებულ მეტოქეს, „უდინეზეს”, ხოლო დიოსკურები (ტყუპი ძმები რომაული და ბერძნული მითოლოგიიდან) ოსიმენი და კვარა არსად წასულან. კიდევ, ხალხმა იგრძნო, რომ მეექვსე ტური ჯერ კიდევ დასაწყისია და ჩემპიონატი აშკარად არ დამთავრებულა.
2:0 პირველი ტაიმის მერე. ტოტალური უპირატესობა. კიდევ ორი გოლი მეორე ტაიმში (მათ შორის ერთმა კვარაცხელიას 192 დღიანი შიმშილობა დაასრულა). ბურთის სწრაფი კონტროლი მოედნის სიღრმიდან. მაღალი პრესინგის ენერგიით აღსავსე ქმედებანი. დასწრება „პოდკატების” დროს. ნებისმიერი სიტუაციიდან ერთი ან ორი გამოსავალი მარქაფაში… ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჩვენ დავუბრუნდით იმას, რასაც რამდენიმე თვის წინ ხვედავდით. ახლა ძნელია იმის თქმა, გადაიჭრა თუ არა ყველა პრობლემა და რაც მთავარია შეწყდა თუ არა პრეზიდენტის მძვინვარება (მას რასაკვირველია ტიკ-ტოკის ამბავთან დაკავშირებით ოსიმენის აგენტის ნათქვამზე რეაქცია არ ჰქონია). და ბარემ აქ დავძინოთ, რომ ის მართალი აღმოჩნდა როდესაც ბოლონიაში თამაშის შემდეგ თქვა, ჩვენ დღეს ყველაფერი თავიდან დავიწყეთო…
(ამას მოჰყვება ჩვენი მკითხველისთვის ნაკლებად საინტერესო აბზაცი „უდინეზეს” თამაშის შესახებ, რომლის მთავარი აზრი ის არის, რომ თუ უდინელთა გუნდმა სამარჯიჩის ლამაზი გოლის მიუხედავად შეტევა არ გამოასწორა, გავარდნის საშიშროების წინაშე აღმოჩნდება)
ჯანკარლო პადოვანი, calciomercato